განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მაყურებელს, რომლის გამოც „იმედი“ არის ნომერ პირველი ტელევიზია. ეს სწორედ იმიტომ ხდება, რომ თქვენ ხართ ასეთი კარგები და ძლიერები, რაც ბევრ ადამიანს აწუხებს, ისევე, როგორც აწუხებდათ 18 წლის წინ, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ „იმედის დღეში“, რითაც უპასუხა კითხვას – „დღეს ვხედავთ, რომ ხდება „იმედის“ თანამშრომლების შევიწროება, ციფრულ სამყაროში არის ბულინგი, შეურაცხყოფა – დასრულდა თუ არა 7 ნოემბერი?
ირაკლი რუხაძის თქმით, უამრავი უბედურება დაემართა ჩვენს ქვეყანას იმის გამო, რომ თავისუფალი სიტყვა ჩაახშეს, დღეს კი, სწორედ იმიტომ, რომ გვაქვს თავისუფალი სიტყვა, „უამრავი რაღაც ვერ მოხდება“.
„იმედი იყო ძლიერი, ლაპარაკობდა ისეთ რაღაცებს, რომელიც მაშინდელ ხელისუფლებას არ მოსწონდა და იმის მაგივრად, რომ სიტყვას სიტყვით დაპირისპირებოდნენ, სიტყვას ძალით დაუპირისპირდნენ. რადგან სიტყვით ვერ დაამარცხეს, გადავიდნენ სხვა მეთოდებზე. ეს იყო წარმოუდგენლად ცუდი დღე „იმედისთვის“ და ყველა ჩვენგანისთვის. მე მგონია, რომ ბადრი პატარკაციშვილი გარდაიცვალა 7 ნოემბრის გამო. ის იყო 52 წლის, ჩემზე უმცროსი იყო, ბევრი რაღაც მოხდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამან მოკლა ის. ის მოკლა და დანარჩენები – ყველა სხვადასხვანაირად გაგვანადგურა. რაც მოხდა საქართველოში ეს იყო თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, რასაც მოჰყვა ყველა სხვა რაღაცის ჩახშობა. ყველაფერი რომ ჩაახშეს, მერე რა გააკეთა იმ მთავრობამ, ვიცით – 300 000 კაცის დაჭერა, ბავშვიან, მოხუციან, ქალიანად, 10% მოსახლეობის მოახვედრეს ციხეში. ომი დაიწყო 2008 წელს, მე გამოვდივარ ტალიავინის დასკვნიდან, რომელსაც იმ მთავრობამ ხელი მოაწერა და უამრავი უბედურება დაემართა ჩვენს ქვეყანას იმის გამო, რომ თავისუფალი სიტყვა ჩაახშეს. თავისუფალი სიტყვა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი, რაც ამ ქვეყანას დღეს აქვს, ეს ქართველი ხალხის წარმოუდგენელი მონაპოვარია, რის გამოც უამრავი რაღაც ამ ქვეყანაში ვერ მოხდება. რაღაცები რომ მოხდეს, ჯერ ჩვენ უნდა ჩაგვახშონ“, – განაცხადა რუხაძემ.
2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 18 წელი გავიდა. რამდენიმე ლოკაციაზე მშვიდობიანი აქციის დარბევის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი ტელეკომპანია „იმედში” შეიჭრა.
