ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ „იმედის დღეში“ 18 წლის წინ, 7 ნოემბრის მოვლენები და „იმედის“ დარბევა გაიხსენა. როგორც რუხაძემ აღნიშნა, მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“ იარაღით ცდილობდა „იმედის“ გაჩუმებას და ახლა ტყუილებით ცდილობენ.
„იმ დღეს ჩვენს ჯგუფს დაარტყეს ბოლოს, საღამოს შემოვარდნენ „იმედში“. დილას წაგვართვეს მთაწმინდის პარკი, ვითომ მერია აღიძრა ჩვენს წინააღმდეგ, მერე შევარდნენ „ბორჯომში“ და „სტანდარტ ბანკში“, ისე გავყიდეთ ბოლოს, „სტანდარტ ბანკში“ მე ფეხი არ შემიდგამს. ჩვენს კომპანიებში შევარდნენ და წაგვართვეს. ვითომ საგადასახადო დამოუკიდებლად შევიდა „ბორჯომში“, მერია შევიდა მთაწმინდის პარკში, ეროვნული ბანკი – „სტანდარტ ბანკში“ და აქ [„იმედი“] შემოვარდა პროკურატურა და სასამართლო. მერე, როცა ამის სიმულაცია გავაკეთეთ, აღმოჩნდა, რომ ძაან მოკლე დროში, თითქოს ვიღაც პროკურორებმა უყურეს ბადრის გამოსვლას მიტინგზე, წავიდა სასამართლოში, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, წამოვიდა უკან, დარაზმეს სპეცრაზმი და გამოუშვეს აქ, რაც არის აბსოლუტური შეუძლებლობა, რადგან იმ მოკლე დროში, ბადრის სიტყვიდან დარბევამდე, ჩატეულიყვნენ.
ახლა აკეთებენ ზუსტად იგივეს, ახლაც ტყუილებზე აწყობენ, როგორ დახურონ „იმედი“. ახლა ახალი მეთოდი აქვთ, რომ „იმედი“ დასანქცირდეს და ხომ წარმოგიდგენიათ, რომ დაბრუნდნენ „იმედს“ რას უზამენ.
ახლა იძახიან უამრავ ახალ ტყუილს, მაგალითად, ვითომ ვიღაც ინგლისელი ჟურნალისტი ჩამოდიოდა და მე გავაჩერე და არ შემოვაშვებინე. ახლა ინგლისს აწვებიან, იმიტომ, რომ ამერიკა ვერ დამასანქცირებს, ევროპა სხვა მიზეზების გამო ვერ დამასანქცირებს და ახლა უყურებენ ინგლისს. თურმე ინგლისის წინააღმდეგაა „იმედი“. ანუ ახლა უნდათ გაგვაჩუმონ ისევ, ოღონდ არა იარაღით, არამედ ინგლისით“, – აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.
