აშშ-ის ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ (FAA) განაცხადა, რომ პარასკევიდან ათასობით რეისი გაუქმდება. ამის მიზეზია „შატდაუნი“ (მთავრობის მუშაობის შეჩერება), რომელიც საჰაერო მოძრაობის მართვაზეც აისახა. უკვე ცნობილია ზოგიერთი აეროპორტი, რომელსაც ეს პრობლემა შეეხო.
„შატდაუნი“ აშშ-ში უკვე 37 დღეა გრძელდება – დემოკრატები და რესპუბლიკელები ბიუჯეტზე ვერ თანხმდებიან. მთავრობის მუშაობის შეჩერება საჰაერო მიმოსვლაზეც ახდენს გავლენას: აშშ-ის ტრანსპორტის მდივანმა, შონ დაფიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ქვეყნის 40 დიდ აეროპორტში საჰაერო მიმოსვლის დაახლოებით ათი პროცენტით შემცირების ბრძანებას გასცემს. ეს ყველაფერი პარასკევს მოხდება. პრობლემის თავიდათავი კი „შატდაუნის“ გამო საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახურში შექმნილი შეფერხებებია.
ავიადისპეჩერები ფულს ვერ იღებენ
ამერიკელი კანონმდებლები ბიუჯეტს ვერ ამტკიცებენ. ამის გამო, ავიადისპეჩერებს ამჟამად ხელფასს არ უხდიან. შონ დაფის თქმით, ამ პრობლემის გამო, ბევრმა მათგანმა სხვა სამსახურში ნახევარ განაკვეთზე დაიწყო მუშაობა. სწორედ ამის შედეგია „შატდაუნის“ დაწყების შემდეგ შექმნილი პერსონალის დეფიციტი და ათიათასობით რეისის გადადება.
ამერიკული მედიის ცნობით, ტრანსპორტის მდივანი დაფი და აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია ოთხშაბათს ავიაკომპანიებთან შეხვედრას გეგმავდნენ, რომლის დეტალებსაც, სავარაუდოდ, დღეს გამოაქვეყნებენ. სააგენტო „ასოშიეითიდ პრესი“ იტყობინება სიის შესახებ, რომელიც ავიაკომპანიებს გაეგზავნათ. ამ სიიდან ირკვევა, რომ შეფერხება ეხება ფრენების ყველაზე მაღალი ინტენსიობის მქონე აეროპორტებს ატლანტაში, დენვერში, დალასში, ორლანდოში, მაიამსა და სან-ფრანცისკოში. ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა ნიუ-იორკი, ჰიუსტონი და ჩიკაგო, რეისების გაუქმება რამდენიმე აეროპორტს ეხება. საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, FAA გეგმავს, რომ რეისების შემცირება საერთაშორისო ფრენებზე არ გავრცელდეს.
რას ნიშნავს ფრენების გაუქმება მოგზაურებისთვის?
გერმანიის ტურისტული ასოციაცია (DRV) ვარაუდობს, რომ აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია უფრო ზუსტ დეტალებს დღეს გამოაქვეყნებს. თუმცა, DRV-ის სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ტურისტული პაკეტების მფლობელებს სანერვიულო არაფერი აქვთ: თუ მათი რეისები გაუქმდება, ტუროპერატორები ფრენებს ხელახლა დაჯავშნიან ან ალტერნატიულ რეისებს შესთავაზებენ.
ინდივიდუალური დაჯავშნის შემთხვევაში კი მგზავრებმა ამაზე თავად უნდა იზრუნონ და ავიაკომპანიასთან კონტაქტი პირადად იქონიონ. თუმცა, აშშ-ის მსხვილმა ავიაკომპანიებმა, როგორიცაა „იუნაიტედ ეირლაინსი“ და „საუთვესტი“, უკვე განაცხადეს, რომ ფრენების შეფერხებების თაობაზე კლიენტებს თავად აცნობებენ და ამას მაქსიმალურად სწრაფად გააკეთებენ.
„ლუფთჰანზას“ წარმომადგენლის თქმით, მათი „ავიაკომპანიის ფრენების განრიგზე ნებისმიერ გავლენას“ ისინი ჯერ კიდევ იკვლევენ.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება ავიაშეფერხებები. ალბათ მანამდე, სანამ აშშ-ის მთავრობა მუშაობას განაახლებს და ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი „შატდაუნი“ დასრულდება.
