სახელმწიფოს არც ერთ პუნქტში არ აქვს აღებული რაიმე სახის ფინანსური ვალდებულება, არ გაუცია ფინანსური გარანტია და ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად ასეთი მსხვილი და უპრეცედენტო ინვესტიციისა სახელმწიფოს მათ შორის არ გაუცია საგამონაკლისო რეჟიმი უშუალოდ ამ ინვესტორისთვის ან უშუალოდ ამ პროექტისთვის, – განაცხადა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა „იგლ ჰილსის“ 6,5 მლრდ-იან პროექტზე საუბრისას.
მინისტრის განმარტებით, წლების განმავლობაში საქართველოს ჰქონდა არაერთი არასწორად გაფორმებული ხელშეკრულება, მათ შორის საინვესტიციო, როდესაც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მსხვილი ინვესტორები კარნახობდნენ სახელმწიფოს საკუთარ პირობებს.
„ეს არის ის შემთხვევა, როდესაც სახელმწიფომ სახელმწიფო ინტერესი დააყენა პირველ ადგილზე. სახელმწიფოს არც ერთ პუნქტში არ აქვს აღებული რაიმე სახის ფინანსური ვალდებულება, არ გაუცია ფინანსური გარანტია და ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად ასეთი მსხვილი და უპრეცედენტო ინვესტიციისა სახელმწიფოს მათ შორის არ გაუცია საგამონაკლისო რეჟიმი უშუალოდ ამ ინვესტორისთვის ან უშუალოდ ამ პროექტისთვის. ამავდროულად, მივიღეთ უპრეცედენტო შესაძლებლობა, რომ სახელმწიფო გახდა თანაპარტნიორი საერთო საწარმოში. ეს ნიშნავს, იმას, რომ სახელმწიფო რა თქმა უნდა არის თანამესაკუთრე იმ მიწების, რომელიც მდებარეობს გონიოში და დედაქალაქში, სახელმწიფო ამავდროულად მიიღებს შემოსავალს ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს რა თქმა უნდა არის ქართული პროექტი“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისივე თქმით, პროექტი უზრუნველყოფს საქართველოდან შრომითი მიგრაციის შემცირებას.
„პროექტს აქვს დიდი დატვირთვა კომერციულ სივრცეებზე. ჩვენ ასევე გვექნება შესაძლებლობა, რომ პროექტის ფარგლებში ვნახოთ განვითარებული ახალი განთავსების ობიექტები, სასტუმრო სივრცეები, ისევე როგორც კომერციული სივრცეები, რესტორნები, რომლებიც სრულად მომართული იქნება ადგილობრივი მეწარმეების ჩართულობაზე. ჩვენ ერთის მხრივ უზრუნველყოფთ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ექნება ღირსეული დასაქმების შესაძლებლობა ამ პროექტის ფარგლებში და მეორე მხრივ ჩვენ დარწმუნებულები, ვართ რომ ეს პროექტი თავისი მასშტაბურობით უზრუნველყოფს იმას, რომ შემცირდება შრომითი მიგრაცია ჩვენი ქვეყნიდან“, – განაცხადა მინისტრმა.
მარიამ ქვირივიშვილმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში ისაუბრა „იგლ ჰილსის“ ინვესტიციის საწინააღმდეგოდ წარმოებული კამპანიის შესახებაც.
„ვხედავთ, მიზანმიმართულ ტყუილებს და მცდელობა, რომ რაღაცნაირად იყოს დაკავშირებული მიგრაცია ინვესტიციასთან. ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს მიგრაციის კანონი და საქართველო გამორჩეულია მისი ხისტი პოლიტიკით უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა რისკი უკანონო მიგრაციის კუთხით არის ნულოვანი, აღნიშნულ ინვესტიციას არავითარი კავშირი არ აქვს ისეთ მოსაზრებებთან, რომელიც უკავშირდება პოტენციური უკანონო მიგრაციის ზრდას“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
