კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ ვაკის რაიონის დელეგატმა ზუკა რურუამ მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, არავის უნდა ჰქონდეს იმისი იმედი, რომ ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, შესაძლებელი იქნება იმ თანხის გამოყენება, რომელიც მანამდე მიითვისეს.
მისივე თქმით, პირებს, რომლებიც თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში სამოხელეო ან ფინანსურ დანაშაულებს ჩაიდენენ, 30 წლის განმავლობაში მოუწევთ, თანამდებობის პირისთვის გათვალისწინებული დეკლარაციები შეავსონ.
„საზოგადოებამ უკვე მრავალჯერ იხილა, თუ როგორი მკაცრი იქნება მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი ხელისუფლება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. სწორედ ამან მოგვცა იმის საფუძველი, რომ არავინ იფიქროს, არცერთმა ჩინოვნიკმა თუ საჯარო მოხელემ, რომ როდესაც სასჯელს მოიხდის, იმ თანხას რაც დააგროვა, მოიხმარს. მას განესაზღვრება 30 წლის განმავლობაში დეკლარაციის შევსება“, – აცხადებს რურუა.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში ცვლილებებს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს მესამე მოსმენით განიხილავენ.
