დღეს ბრიუსელი აცდენილია ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებს, რომელთა შორის მთავარი, დემოკრატიის პატივისცემაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი წერს, თანამედროვე ევროპა არათუ ემიჯნება ძალადობას, არამედ ღიად დგას მოძალადეების მხარეს.
„საქართველოსა და ევროკავშირს შორის გართულებულ ურთიერთობაზე როდესაც ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ამ მოცემულობის პირველწყარო, რომელიც ხელის გულზე დევს. დღეს ბრიუსელი აცდენილია ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებს, რომელთა შორის მთავარი, დემოკრატიის პატივისცემაა. შეუძლებელია, პატივს სცემდე დემოკრატიას, ანუ ხალხის მმართველობას, და, ამავე დროს, ერეოდე სხვა ხალხების არჩევანში. ის, რა სახითაც და ინტენსივობითაც ბრიუსელი და მისი ზოგიერთი ელჩი 2024 წლის არჩევნებში ჩაერია, როგორც გაერო-ს წესდების, ისე ვენის კონვენციის, ანუ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევაა. შეუძლებელია, პატივს სცემდე დემოკრატიას და უგულებელყოფდე კანონს, მართლმსაჯულებას. ბრიუსელი საკმარისზე მეტად დამარცხდა ქართულ მართლმსაჯულებასთან, რომ დღეს ასეთი ქედმაღლობით იწუნებდეს მის გადაწყვეტილებებს. შეგახსენებთ, რომ ბრიუსელი დამარცხდა სააკაშვილის, მელიას, გვარამიას საქმეებზე, აბსოლუტურად ყველა საქმეზე, რომელიც ბრიუსელის ზოგიერთმა არაკეთილსინდისიერმა ბიუროკრატმა პოლიტიკურ განაჩენად შერაცხა. სტრასბურგმა თქვა: ბრიუსელი ცრუობდა, ქართული მართლმსაჯულება კი ცამდე მართალი იყო. დაბოლოს, შეუძლებელია პატივს სცემდე დემოკრატიას და არ ემიჯნებოდე პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულებს. 4 ოქტომბრის ძალადობის დაგმობის კითხვაზე ევროკავშირის ელჩის დაზუთხული არპასუხი აჩვენებს იმ ღირებულებით ჩიხს, სადაც ბრიუსელმა საკუთარი თავი შეიყვანა. თანამედროვე ევროპა არათუ ემიჯნება ძალადობას, არამედ ღიად დგას მოძალადეების მხარეს. გზა ნათელია, გამოსავალი – ცხადი. ბრიუსელის მხრიდან ქართველ ხალხთან ურთიერთობის აღდგენის გზა ევროპული ღირებულებების პატივისცემაზე გადის. ბრიუსელს ევროპულ ღირებულებებთან დაბრუნება თუ სურს, პირველი ნაბიჯი დემოკრატიის აღიარება და პატივისცემაა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
