რა თქმა უნდა მზად ვართ ნებისმიერი სახის დიალოგისთვის და არა ერთხელ განგვიცხადებია და პრემიერ-მინისტრმაც მზადყოფნა გამოხატა, რომ ნებისმიერ დროს იგი მზად არის, რომ ჩავიდეს შეხვედრაზე ევროკავშირში და გაიაროს ნებისმიერი საკითხი, რაც მათ აწუხებთ. ოღონდ ეს შეხვედრა უნდა იყოს არგუმენტებზე დამყარებული, მიმოცვლა უნდა იყოს აზრების და არა მხოლოდ თითის ქნევა, – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
მისი თქმით, მსოფლიოში ბევრი რამე იცვლება და 2030 წლისთვის, როდესაც ევროკავშირის გაფართოება იგეგმება სავარაუდოა, რომ სულ სხვა მოცემულობა იქნება.
„ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ევრობიუროკრატები შეეგუებიან იმას, რომ ვერ ჩაანაცვლებენ „ქართულ ოცნებას“ საქართველოში – ვერც არჩევნების გზით და ვერც არეულობის გზით. შეეგუებიან ამ ყველაფერს. დასხდებიან, დაიწყებენ ჩვენთან საუბარს. ხოლო მეორეს მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ გამოღვიძება არის დაწყებული ზოგადად მსოფლიოში, ამერიკის შეერთებული შტატებში საღმა აზრმა გაიმარჯვა. ევროპაშიც ძალიან ბევრი ცვლილებებია. 2030 წელს, როდესაც მათი შემდგომი გაფართოება იგეგმება, ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან ბევრი რაღაც იქნება შეცვლილი ევროკავშირშიც“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
