ესტონეთის იუსტიციისა და ციფრულ საკითხთა მინისტრი ლიიზა პაკოსტა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) იმ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, რომლის მიხედვითაც, ესტონეთის ციხეებში მოწევის აკრძალვამ პატიმრების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და არჩევანის თავისუფლება დაარღვია. ამ ინფორმაციას ესტონური გამოცემა „პოსტიმეესი“ ავრცელებს.
ECHR-ის მოსამართლეებმა, ხმების მცირე უპირატესობით (4 ხმით 3-ის წინააღმდეგ), დაადგინეს, რომ ესტონეთმა ვერ შეძლო სამართლიანი ბალანსის შენარჩუნება ჯანმრთელობის დაცვასა და პატიმრების პირად თავისუფლებას შორის, როდესაც რვა წლის წინ აკრძალვის შემოღებით, მათ არჩევანის შესაძლებლობა წაართვა. სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადამიანები ციხეშიც კი ინარჩუნებენ საკუთარ სხეულზე კონტროლის უფლებას და ყოველდღიური რუტინის გარკვეულ ხარისხს.
„პატიმრების გადმოსახედიდან, მოწევა შეიძლება იყოს არა მხოლოდ არაჯანსაღი ჩვევა, არამედ შფოთვისა და დაძაბულობის მოხსნის საშუალებაც“, – აღნიშნა სასამართლომ.
აკრძალვა მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა, ურმას რეინსალუმ დააწესა და ის 2017 წლის ოქტომბერში შევიდა ძალაში, რის შემდეგაც თითქმის 20-მა პატიმარმა სხვადასხვა სასამართლოში საჩივარი შეიტანა და აკრძალვას „წამება“ უწოდა. ქვეყნის შიდა სასამართლოებში ამ საკითხზე აზრი გაიყო.
ECHR-ში ესტონეთის მოსამართლე, პეტერ როოსმა ერთ-ერთი იყო იმ სამი განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლიდან, რომლებმაც ესტონეთის ციხეებში მოწევის ზოგადი აკრძალვა კანონიერად მიიჩნიეს და ცვლილების საჭიროება ვერ დაინახეს. როოსმა შეუერთდა ირლანდიელი მოსამართლის, უნა ნი რაიფერთის განსხვავებულ აზრს, რომლის თანახმად, ესტონეთი ციხეებში ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და წესრიგის დასაცავად კანონიერად მოქმედებდა, შეზღუდვები ეტაპობრივად შემოიღო და მწეველ პატიმრებს კონსულტაციებით უწევდა მხარდაჭერას.
ECHR-ის გადაწყვეტილება, რომელიც გასაჩივრებას ექვემდებარება, იმ პერიოდში მიიღეს, როდესაც ესტონეთი შვედეთიდან პატიმრების მისაღებად ემზადება და ციხეების გაქირავების სქემაზე მუშაობს.
https://news.err.ee/1609853298/estonia-to-appeal-echr-prison-smoking-ban-ruling
