„იმედი მაქვს, რომ ევროპის საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისია ამჯერად ობიექტურად ასახავს იმ რეალობას, რაც საქართველოშია და ანგარიშში ისევ არ ჩაწერს იმ ტყუილ და დეზინფორმაციულ მონაცემებს, როგორსაც აქამდე წერდა ხოლმე“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ.
ეკა სეფაშვილის თქმით, დელეგაციის წარმომადგენლებმა მათი წინა ანგარიშებიდან გამომდინარე დასვეს კითხვები, ხოლო ქართულმა მხარემ ქართველი ხალხის პოზიციისა და არჩევანის შესახებ ისაუბრა.
„შეხვედრაზე ჩვენი მხრიდან გაჟღერდა ყველა იმ წითელი ხაზის შესახებ, რაც საქართველოს, ქართველ ხალხს გააჩნია. ხაზგასმით აღვნიშნე ის გარემოება, რომ ის სხვადასხვა ძალადობრივი შემთხვევა, რომელიც საქართველოში განვითარდა ბოლო პერიოდის განმავლობაში საერთაშორისო საზოგადეობის და მათ შორის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ, სათანადო დონეზე არ დაიგმო.
ძნელი მისახვედრი არ არის, რომ მათ წინა ანგარიშებიდან გამომდინარე დასვეს კითხვები და ჩვენ, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ხალხის პოზიციისა და არჩევანის შესახებ ვისაუბრეთ. ვისაუბრეთ იმ ღირებულებებზე, რომლებიც საქართველოს აქვს“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.
