საფრანგეთის ელჩის საიდუმლო შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გარკვეულ კითხვებს ბადებს მმართველ პარტიაში. თემაზე კომენტარი დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ გააკეთა.
„ან ნაკლებად გამოცდილია, ასეთ შეცდომას რომ უშვებს, ან კიდევ… მავნებელი ელჩების მეტი რა ვნახეთ? იმედი მაქვს, არც ერთია და არც მეორე და ამას უბრალოდ გაუგებრობა დავარქვათ. ჯობია, შეხვდე გახსნილად, დასამალი თუ არაფერი გაქვს, პირადად, სახლში რატომ უნდა მიიღო რადიკალების წარმომადგენელი და მათი დამფინანსებელი არასამთავრობო ორგანიზაციები? ბუნებრივია, აქ არის გარკვეული კითხვის ნიშნები და იმედი მაქვს, მომავალში ყველა ელჩი თავის დიპლომატიურ მისწრაფებებში დარჩება“, – განაცხადა ზარქუამ.
საფრანგეთის ახალი ელჩი 15-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს საკუთარ სახლში შეხვდა და შეხვედრის შესახებ მხარეებისგან არაფერი თქმულა. „ქრონიკამ“ საფრანგეთის ელჩს „ენჯეოებთან“ ფარული შეხვედრის შესახებ კითხვით მიმართა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
