ლევან მახაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები გადაწყვეტილების მიღებისას არა ქართული ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯებით, არამედ ობიექტური კრიტერიუმებით იხელმძღვანელებენ. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ თავისუფალი მიმოსვლის გაუქმება ევროკავშირის მხრიდან საბოლოო ნეგატიური ნაბიჯი იქნება.
„რა თქმა უნდა, უვიზოს ასე მასიურად გაუქმება არის ის საბოლოო, ნეგატიური ნაბიჯი, რაც შეიძლება ევროკავშირმა თეორიულად გადადგას. ის, რომ ამ გაუქმებას ასე უჭერს მხარს ჩვენი პოლიტიკური ოპოზიციის რადიკალური ფლანგი, მიუთითებს იმაზე, თუ რა არის მათი მიზნები. ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები, ოღონდაც ქვეყნის ინტერესები იყოს დაზიანებული. მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები ბევრჯერ ვიხილეთ, უბრალოდ იმედი გვაქვს, რომ ეს არ იქნება განმსაზღვრელი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, – განაცხადა მახაშვილმა.
Prime Time-ის ინფორმაციით, ოპოზიცია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ბრიუსელში დაჟინებით ითხოვს. გამოცემის ცნობით, რადიკალური ოპოზიცია ნოემბრის ბოლოსთვის უცხოელ მოკავშირეებს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას სთხოვს და ბრიუსელში მაღალჩინოსნებს არწმუნებენ, რომ მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებზე წნეხი შედეგს არ მოიტანს.
