ევროკავშირის მხრიდან არის გაცხადებული, რომ 2030-მდე არანაირი გაფართოება არ იქნება. მანამდე საკმარისი დროა, რომ ბევრი რამე თავად ევრობიუროკრატიაშიც შეიცვალოს და საქართველოც უკვე მზად იქნება, მათ შორის 2028-ში, რომ ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე განაცხადის გაკეთება მოხდეს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, თანამედროვე ცივილიზებული სამყარო საქართველოს აღიქვამს, როგორც ქართული და ევროპული ღირებულებების ქვეყანას.
„მინიმუმ, ის რად ღირს, რომ კვირაში ორჯერ მაინც საქართველოს შეფასება ხდება საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ – ყველგან წინსვლა გვაქვს და როგორ შეიძლება, რომ საერთაშორისო ინსტიტუტები პოზიტიურად გაფასებდნენ და ამ დროს ევრობიუროკრატები ამბობდნენ, რომ საქართველოში უკუსვლაა? რა თქმა უნდა, ხელისუფლებას პრობლემებს ევრობიუროკრატია, „დიფ სთეითი“ უქმნის. ამერიკის პრეზიდენტი ევროკავშირზე ამბობს, რომ პრობლემები აქვს და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს და რა გასაკვირია, რომ ევროკავშირს საქართველოსთან უსამართლო დამოკიდებულება აქვს? ჩვენ მიმართ უსამართლოები არიან და ამას ევროკავშირის საწინააღმდეგოდ დონალდ ტრამპის განცხადებები ადასტურებს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
