ეს არის კიდევ ერთი უსამართლო დამოკიდებულების გამოხატულება ჩვენი ქვეყნის მიმართ, – ასე შეაფასა „ქრონიკასთან“ საუბრისას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ვლადიმერ ბოჟაძემ ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადება, რომ მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირის გაფართოების გზაზე საქართველოზე წინ არიან.
ვლადიმერ ბოჟაძის თქმით, რამდენად წინ არის ან უკრაინა, ამ მოლდოვა, ეს ადვილი შესაფასებელია ნებისმიერი კვლევით.
„ეს არის კიდევ ერთი უსამართლო დამოკიდებულების გამოხატულება ჩვენი ქვეყნის მიმართ. თქვენ იცით, რომ ნებისმიერი კვლევა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულა, თავად ევროკომისიის დასკვნები ადასტურებს, რომ საქართველო არა მხოლოდ ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მიმართებაში, ბევრი პარამეტრით წინ არის.
ისინი ცდილობენ დაისაჯოს ჩვენი ქვეყანა ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რათა ქვეყანაში მშვიდობა იყოს და ვიცავთ ქვეყნის, ხალხის ინტერესებს. რაც შეეხება რამდენად წინ არის ან უკრაინა, ამ მოლდოვა რამეში, ეს ადვილი შესაფასებელია ნებისმიერი კვლევით და იმით, რაც ხდება ახლა მოლდოვაში, რაც ხდება ახლა უკრაინაში“, – აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.
