აუქციონის სახლმა „სოთბიმ“ გამოაცხადა, რომ ალმასის გულსაბნევი, რომელსაც ნაპოლეონ ბონაპარტი ატარებდა, ოთხშაბათს, 12 ნოემბერს, ჟენევაში რეკორდულ ფასად, თითქმის ოთხ მილიონ ევროდ გაიყიდა. ეს თანხა ამ ძვირფასი სამკაულის საწყის შეფასებებს ბევრად აღემატება.
ნაპოლეონის კუთვნილი ძვირფასეულობა პრუსიის არმიას ვატერლოოსთან ბრძოლაში დამარცხებული ფრანგი გენერლისა და იმპერატორის გაქცევის შემდეგ ჩაუვარდა ხელში. „სოთბის“ აუქციონზე ის, თავდაპირველად, 120-220 ათას ევროდ იყო შეფასებული.
„აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი ფუფუნების საგნების კოლექციაში გულსაბნევი ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ნივთს წარმოადგენდა. ის ნაპოლეონის პირადი სამკაულების ნაწილი იყო, რომელიც, სავარაუდოდ, იმპერატორის ორკუთხა ქუდის (bicorn) გასაფორმებლად გამოიყენებოდა“, – ნათქვამია „სოთბის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ეს არის წრიული ფორმის 45-მილიმეტრიანი გულსაბნევი, შუაში დიდი, 13-კარატიანი ოვალური ალმასით, რომელიც ორ კონცენტრულ რგოლად განლაგებული ძველი, სხვადასხვა ფორმისა და ზომის ასამდე ალმასით არის გარშემორტყმული.
1815 წლის 21 ივნისს, ნაპოლეონის დამარცხებიდან სულ რაღაც სამი დღის შემდეგ, ვატერლოოსთან ნაპოვნი ეს ძვირფასეულობა, სხვა ნივთებთან ერთად, პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ III-ს, ომის ნადავლის სახით გადაეცა.
იმავე ლოტში შედიოდა 132-კარატიანი მწვანე ბერილი, რომელიც იმპერატორ ნაპოლეონ I-ს კორონაციის დროს ეკეთა.
ამ კვირაში „სოთბის“ აუქციონზე ასევე გაიმართა პრესტიჟული საათების ტრადიციული გაყიდვა. მასზე გამოტანილი იყო Rolex Oyster-ის მიერ წარმოებული ერთ-ერთი პირველი წყალგაუმტარი მაჯის საათი, რომელსაც შორ მანძილზე მოცურავე მერსედეს გლაიტცე (1900-1981) ატარებდა. ის იყო პირველი ბრიტანელი ქალი, რომელმაც ლა-მანშის სრუტე გადაცურა. 1.1 მილიონ ევროზე უფრო ძვირად შეფასებული საათი 1.46 მილიონ ევროდ გაიყიდა.
1.1 მილიონ ევროზე უფრო ძვირად შეფასებული საათი 1.46 მილიონ ევროდ გაიყიდა.
„სოთბის“ აუქციონის კიდევ ერთი გამორჩეული ლოტი იყო „ბრილიანტის ვარდი“ – 10-კარატიანი კაშკაშა ვარდისფერი ალმასი, რომელიც დაახლოებით 20 მილიონ დოლარად იყო შეფასებული. თუმცა, ის ოთხშაბათს საღამოს აუქციონიდან მოიხსნა.
მას შემდეგ, რაც სააგენტო „ფრანს პრესი დაუკავშირდა“, „სოთბის“ადმინისტრაციას ლოტის მოხსნის მიზეზის შესახებ განმარტება არ გაუკეთებია.
