21-ე საუკუნის საქართველოში, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე ჩვენ გვყავს ჩვეულებრივი მარიონეტები ქართული გვარ-სახელებით და პასპორტებით, რომლებიც იმართებიან გარედან, რათა დააზიანონ საკუთარი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, მარიონეტების ჯგუფის ერთადერთი მიზანია, ჩვენი ქვეყანა ჩააბარონ პირდაპირ სხვებს სამართავად.
„პირველ ყოვლისა, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რა დონეზე იმართება რადიკალიზმი საქართველოში – პროცესების პირდაპირ ყოველდღიური ხელით მართვა გარედან, სადაც თითოეული სიტყვა წინასწარ ნაკარნახევია, თითოეული ნაბიჯი გათვლილია და ასე მოქმედებენ დღეს რადიკალური ოპოზიცია და გარედან დაქირავებულო „ენჯეოები“. ასე რომ, ეს სამარცხვინო ფაქტია. 21-ე საუკუნის საქართველოში, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე ჩვენ გვყავს ჩვეულებრივი მარიონეტები ქართული გვარ-სახელებით და პასპორტებით, რომლებიც იმართებიან გარედან, რათა დააზიანონ საკუთარი ქვეყანა. ასე უნდა შეხედოს ქართულმა საზოგადოებამ ამ მარიონეტების ჯგუფს, რომ მათი ერთადერთი მიზანი არის, ჩვენი ქვეყანა ჩააბარონ პირდაპირ სხვებს სამართავად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„პრაიმ ტაიმის“ ინფორმაციით, მედიასაშუალებას ბრიუსელიდან მიაწოდეს დოკუმენტი, რომელიც ადგილობრივ ოპოზიციას ევროკავშირის კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა გამოუგზავნეს. მედიასაშუალება ასევე იტყობინებოდა, რომ აღნიშნულ ტექსტს რამდენიმე წუთში ოპოზიციის წარმომადგენლები უცვლელად წაიკითხავდნენ.
რამდენიმე წუთის შემდეგ პარლამენტთან ჩატარდა ბრიფინგი, რომელზეც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლევან ჯობავამ წაიკითხა განცხადება და აღნიშნა, რომ მას სამოქალაქო ორგანიზაციების, საპროტესტო ჯგუფების, პოლიტიკური პარტიების და პოლიტპატიმრების წარმომადგენლების სახელით კითხულობდა.
