მიხეილ სააკაშვილი 3 წელზე მეტი იყო საავადმყოფოში. მიზეზი იყო ის ისტერია, რომელიც ცრუ ნარატივზე დაყრდნობით აწარმოვა ბრიუსელმა. სანახავია რა დაჯდა მისი ყოფნა საავადმყოფოში და მერე უნდა მივაკითხოთ ბრიუსელის იმ ბიუროკრატებს, რომლებმაც აი, ეს ხარჯები უნდა აუნაზღაურონ ქართველ ხალხს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ახლა არის იქ, სადაც უნდა ყოფილიყო აქამდეც.
„სამ წელზე მეტი, მიხეილ სააკაშვილი იყო საავადმყოფოში, ნაცვლად იმისა, რომ ყოფილიყო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მიზეზი ამ ყველაფრის იყო ის ისტერია, რომელიც ცრუ ნარატივზე დაყრდნობით აწარმოვა ბრიუსელმა. მისმა ელჩმა საქართველოში, რომელიც ცრუ დემარშით მივიდა იუსტიციის მინისტრთან, სხვა ელჩებთან ერთად და მოითხოვეს სააკაშვილის გაყვანა ქვეყნიდან. რეალურად კი მოითხოვეს მისი გათავისუფლება. გახსოვთ, „ენჯეოების“, მაშინდელი სახალხო დამცველის ყალბი დასკვნები, რომ თითქოს მას ჰქონდა დემენცია. გახსოვთ თქვენ, პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტ სანდუს განცხადებები, რომლებიც ტყუილებს ამბობდნენ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, თითქოს მას აწამებდნენ. ამის შემდეგ ბოდიში არ მოუხდია არც ბატონ სანდუს, არც ბატონ ზელენსკის, არც ბატონ ჰერჩინსკის, რომელიც ცრუ დემარშით მივიდა იუსტიციის მინისტრთან და რამდენიმე კვირაში ამ დემარშიდან სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ არაფერი სჭირდა მიხეილ სააკაშვილს ისეთი, რომ მისი სხვაგან გაყვანა მომხდარიყო. ასე რომ მთლიანი პროცესი იყო ბრიუსელის ისტერიის შედეგი და ნაწილი.
ეს ყველაფერი ახლა დასრულდა. ის არის ახლა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც უნდა იყოს. ხედავს, რომ ხმას ვერ იღებს იმასთან დაკავშირებით, რომ კვლავ გადაიყვანონ. იმიტომ, რომ ამ ცირკს კიდევ ერთხელ ვერც ის დადგამს და არც ერთ ელჩს და არც ერთ ევრობიუროკრატს ასეთ ცირკს, რომელიც ჩვენ მაშინ დაგვიდგეს და ქართველ ხალხს ევროპულ ღირებულებებზე რომ გველაპარაკებიან, დადგნენ და პირდაპირ, ღია ეთერში ტყუილები გველაპარაკნენ, ქართველმა ხალხმა იმდენი გამოიარა, რომ ყველაფერი კარგად აქვს გაშიფრული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ძალიან საინტერესოა რა დაჯდა მიხეილ სააკაშვილის ყოფნა საავადმყოფოში. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბრიუსელმა მისი ცრუ ნარატივების გამო უნდა აუნაზღაუროს ქართველ ხალხს ეს ხარჯები.
„სანახავია რა დაჯდა მისი ყოფნა საავადმყოფოში. გვაინტერესებს და მერე უნდა მივაკითხოთ ბრიუსელის იმ ბიუროკრატებს, რომლებმაც აი, ეს ხარჯები უნდა აუნაზღაურონ ქართველ ხალხს. იმიტომ, რომ საინტერესოა მათი ეს ისტერია, ცრუ ნარატივები რა დაუჯდა ქართველ ხალხს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი კლინიკიდან სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში გადაიყვანეს.
