შანტაჟი და ქვეყნის დაზიანების მორიგი მცდელობა, ასე აფასებს მმართველი გუნდი “კოალიცია ცვლილებებისთვის” წერილს, რომლის ადრესატებიც ევროკავშირი, გაერთიანებული სამეფო და აშშ-ია.
ოპოზიციური პარტია წერს, რომ სიმბოლური ქმედებების დრო ამოიწურა, ამიტომ ითხოვს გადამწყვეტ ნაბიჯებს პარტნიორებისგან. აქცენტი კეთდება პერსონალურ სანქციებზე, “მეგობარი აქტის” მიღებაზე, პოლიტიკური და ფინანსური ჩართულობის შეჩერებაზე. ტექსტში ასევე საუბარია მოთხოვნაზე, ქართველი ხალხის ლეგიტიმურ წარმომადგენლებად იქნან აღიარებულნი სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება.
მმართველი გუნდის განცხადებით, ოპოზიცია საკუთარი პარტიული ინტერესებისთვის იბრძვის და ქვეყნის დაზიანებას ყველა საშუალებით ცდილობს, მათი მთავარი მიზანი კი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაა, რისთვისაც ბრიუსელში აქტიურად მუშაობენ.
“უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით შანტაჟი და მუქარები ევრობიუროკრატების მხრიდან არახალია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს რეიტინგში ყველას ვუსწრებთ, არამარტო კანდიდატ ქვეყნებს. მცდელობა აქვთ, რომ ბოლომდე ჩაერიონ შიდა საქმეებში, ამოატრიალონ ეს ქვეყანა, ქაოსში გახვიონ და შემდეგ ხელი მოითბონ იმ ჯგუფებმა, ვის ინტერესშიც არის ეს ქაოსი და უბედურება. ამ ყველაფერში ეხმარებიან ეს ჩვენი რადიკალები, რომლებიც თანამშრომლობდნენ, აწვდიდნენ არასწორ ინფორმაციას. კოლექტიური “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები ქვეყნის გაშავებას აგრძელებენ – დაწყებული სალომე ზურაბიშვილით და გაგრძელებული დანარჩენი ლიდერებით. შესაბამისად, სამართლიანია, საქმე რომ აღიძრა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟის კუთხით,” – აცხადებს ირაკლი ზარქუა.
