ქარიშხალ „კლაუდიას“ გამო ბრიტანეთსა და ირლანდიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. როგორც სინოპტიკოსები აცხადებენ, ძლიერი წვიმა და წყალდიდობა კვლავ მოსალოდნელია. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს.
უელსის ბუნებრივი რესურსების სააგენტომ ოთხ რეგიონში წყალდიდობის შესახებ მძიმე გაფრთხილება გასცა, რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეთა სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
სამხრეთ უელსში ეკიპაჟები მუშაობენ პოლიციასთან, სასწრაფო დახმარების სამსახურებთან, მაშველებსა და სანაპირო დაცვასთან ერთად, რათა ევაკუაცია განახორციელონ.
„ჩვენი ეკიპაჟები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და დღესაც განაგრძობენ დაზარალებულების დახმარებას”, – აღნიშნა სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა.
ქარიშხალმა პრობლემები შეუქმნა როგორც სარკინიგზო, ისე საავტომობილო მოძრაობას. ირლანდიაში ათასობით სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
