რაც ბატონი ირაკლი კობახიძე ავირჩიეთ პრემიერ-მინისტრად ორი წელი სრულდება უკვე და შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, რომ მას შემდეგ ყველა სამთავრობო განკარგულება არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა 2026 წლის ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას.
მისივე თქმით, ირაკლი კობახიძემ შეცვალა ქონების პირდაპირი წესით პრივატიზების პრაქტიკა და ჩამოაყალიბა მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტი, რომელიც მუშაობს კორუფციის აღმოფხვრაზე.
„სუს-ის ხელმძღვანელი გახდა მამუკა მდინარაძე, რომელიც მუშაობს კორუფციის აღმოფხვრაზე, გაძლიერდა აუდიტის სამსახური და გენერალურ აუდიტორად დაინიშნა ისეთი კვალიფიციური ადამიანი, როგორიც არის გიორგი გაბიტაშვილი.
პრემიერის ინიციატივით დავაინიციირეთ და მივიღეთ კანონი კორუფციის წინააღმდეგ, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ ნებისმიერი ადამიანი მსჯავრდებული იქნება კორუფციაზე და თუ მას იმედი აქვს, რომ გადამალავს რაღაც თანხას, გამოვა ციხიდან და შემდეგ გამოიყენებს ამ გადამალულ თანხებს, ამის საშუალებას არ მივცემთ, ვინაიდან მას და მის თითოეულ ოჯახის წევრს მოუწევს დეკლარაციის შევსება მომდევნო 30 წლის განმავლობაში.
ახალი სამთავრობო ინიციატივაა, რომ მთავრობას ექნება საშუალება, რომ ცენტრალიზებული შესყიდვები მოახდინოს და ბაზრის კვლევის გაციფრულება მოხდება თავიდან ბოლომდე, ერთიან სისტემაში იქნება ყველა შემსყიდველი ორგანო და ყველა მიმწოდებელი კომპანია. ეს ნაბიჯები იმას გულისხმობს, რომ არავის ვაპატიებთ კორუფციას, ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯზე, და ჩვენი მოქალაქეების ხარჯზე“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
