„იგლ ჰილსის“ პოლიტიკა ყველა ქვეყანაში, სადაც ოპერირებენ არის ის, რომ მაქსიმალურ აქცენტს აკეთებენ ადგილობრივ მომწოდებლებზე ნებისმიერი სერვისის დროს, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა.
მისივე თქმით, „იგლ ჰილსის“ პროექტების ფარგლებში არაერთ ქართულ კომპანიას კონტრაქტები უკვე აქვს.
„არაერთი ქართული კომპანია არის უკვე დაკონტრაქტებული ძალიან მსხვილი პროექტებით, რომლებიც მუშაობენ კვლევებზე, არქიტექტურაზე, დიზაინზე, გენგეგმის შედგენაზე და ასე შემდეგ. ჩვენ, სამინისტროს ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს მათთან, რადგან ისინი დაკავებულები არიან ამ პროექტის განვითარებით, მათ შორის გენგეგმით, რომელიც ახლა დამუშავების პროცესშია. აბსოლუტური უმრავლესობა იმ ხალხისა, რომლებიც მუშაობენ, არიან ქართული კომპანიების წარმომადგენლები და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ განსაკუთრებულ გამოცდილებას იღებენ ასეთი დონის კომპანიასთან მუშაობით“, – განაცხადა ნადარეიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ „იგლ ჰილსის“ პროექტებით საქართველოში ტურისტებისთვის მიზიდულობის ახალი ცენტრები შეიქმნება.
„აუცილებელია ცალკე გამოვყოთ ტურიზმის მიმართულება, რომელიც თავისთავად წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისთვის პრიორიტეტს. ეს პროექტი იქნება უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ ახალი მიზიდულობის ცენტრები გავაჩინოთ ტურისტებისთვის. განსაკუთრებით ალბათ, აქ უნდა ვისაუბროთ გონიოზე, რომელიც დიდ როლს ითამაშებს იმ ამოცანის შესრულებაში, რომ აჭარა გახდეს ოთხსეზონიანი“, – აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ევროპული ქვეყნების შემთხვევაშიც „იგლ ჰილსის“ პროექტებში სახელმწიფოები მონაწილეობენ.
“თქვენ იცით, რომ „იგლ ჰილსი“ ოპერირებს არაერთ ევროპულ ქვეყანაში. დღეს გავიდა ძალია საინტერესო სიუჟეტი „იმედზე“, სადაც ჩვენს მოსახლეობას საშუალება ჰქონდა ეხილა ის პროექტები და განვითარება, რასაც აქვს ადგილი. ნიშანდობლივია, რომ ევროპული ქვეყნების შემთხვევაშიც სახელმწიფო მონაწილეობს ამ პროექტებში, რაც კიდევ ერთხელ არის იმის გარანტია, რომ სახელმწიფოს, ქალაქის და მოსახლეობის საუკეთესო ინტერესები დაცულია”, – აღნიშნა ნადარეიშვილმა.
