“სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაცია, როგორც ასეთი, არ შეესაბამება კონსტიტუციურ მოთხოვნებს,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა, ფაქტობრივად, არ არსებობს და არც ადმინისტრაცია შეიძლება არსებობდეს.
“რასაკვირველია, მე ძვირს ვერ ვიტყვი ვერცერთზე, ვინც იქ მუშაობდნენ, კარგი, ჩამოყალიბებული, პროფესიონალი პატრიოტი ადამიანები, თავის ქვეყნისა და კონსტიტუციის ერთგულები, მაგრამ სტრუქტურა იყო თვითონ არაკონსტიტუციური. ამ თემაზე დიდი ხანია საუბრები მიმდინარეობს. რასაკვირველია, ჩვენ შევინარჩუნებთ და ხელს შევუწყობთ ადმინისტრაციებს, რომელიც ჩამოყალიბდა ადგილობრივი არჩევნების დროს, მაგრამ რეალურად, ვალდებულება იმისა, რომ კონსტიტუციის შესაბამისობაში მოვიყვანოთ ყველაფერი, არის სავალდებულო. სავალდებულოა, ვინაიდან, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა, ფაქტობრივად, არ არსებობს და არც ადმინისტრაცია შეიძლება არსებობდეს”, – აცხადებს გიორგი ვოლსკი.
შეგახსენებთ, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაცია უქმდება. გადაწყვეტილებაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგზე ისაუბრა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიზანი ეროვნული ინტერესების დაცვაა.
მისვე თქმით, 2006 წელს, ცხინვალის რეგიონში ანტიკონსტიტუციური არჩევნები გაიმართა, გამოცხადდა ეგრეთწოდებული “სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი” და ალტერნატიული მთავრობა, რითაც ყოფილმა ხელისუფლებამ სეპარატისტულ არჩევნებს ირიბი ლეგიტიმაცია მიანიჭა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 2007 წელს კონსტიტუციის დარღვევით შეიქმნა ადმინისტრაცია და ხელოვნურად აღდგა 1990 წელს გაუქმებული ავტონომიური ოლქის საზღვრები, რაც 2008 წლის რუსული აგრესიისა და ისტორიული რეგიონის, სამაჩაბლოს ოკუპაციის ხელშემწყობ გარემოებად იქცა. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ეს იყო გარე ძალების გეოპოლიტიკური თამაშის ნაწილი, რაც პარლამენტმა ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატად შეაფასა.
