ჩემი პირველი ვიზიტია ისრაელში და პირველი შესაძლებლობა, მქონოდა შეხვედრა ჩემს კოლეგასთან, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ისრაელში ვიზიტისას.
მისივე თქმით, მათ ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და პერსპექტივაზე, რომელიც სამომავლოდ უნდა განვითარდეს.
„ჩვენ ვისაუბრეთ სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე, იმ ინტერესის სფეროებზე, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა და განათლების მიმართულება, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ მეტად გაძლიერდეს კავშირები. კონკრეტული გეგმებიც განვიხილეთ და იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება. საკმაოდ კარგი მაჩვენებლები გვაქვს ტურიზმის სფეროში, საქართველო არის ადგილი ვიზიტორებისთვის, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებითაც ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
