თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოში თურქული სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზები ყველა შეგროვებული მონაცემებისა და შავი ყუთის შესწავლის შედეგად გახდება ნათელი და ხელისუფლება ამ ინფორმაციას საზოგადოებას გაუზიარებს.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ ავიაკატასტროფის შემდეგ ცხედრებისა და თვითმფრინავის შავი ყუთის მოძებნა ოპერატიულად მოხერხდა. მან მადლობა გადაუხადა ყველა მეგობარ ქვეყანას, რომელმაც თურქეთის ტკივილი გაიზიარა.
„კატასტროფების გამომძიებელი ჯგუფის მიერ შეგროვებული მონაცემების, ასევე შავი ყუთის შესწავლის შედეგად ჩვენ შევძლებთ, უფრო ნათლად გავიგოთ ამ ტრაგიკული ინციდენტის დეტალები, რომელსაც 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჩვენ ღიად გავუზიარებთ ამ ინფორმაციას საზოგადოებას, განსაკუთრებით, დაღუპულთა ოჯახებს.
ჩვენ მივიღეთ სამძიმრისა და სოლიდარობის შეტყობინებები მთელი მსოფლიოდან, განსაკუთრებით ჩვენი მოძმე ქვეყნებიდან. კერძოდ, საქართველომ და აზერბაიჯანმა კატასტროფისთანავე მოახდინეს ყველა რესურსის მობილიზება, სრულად ითანამშრომლეს სამძებრო-სამაშველო ჯგუფების განთავსებაში, ნამტვრევების შეგროვებასა და ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
