სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა, დელეგაციასთან ერთად, ქალთა მე-5 პენიტენციური დაწესებულება დაათვალიერა.
სრბუი გალიანს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორმა თამთა დემურიშვილმა გააცნეს.
სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციამ ქალთა მე-5 დაწესებულების ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით მიმდინარე პროგრამებს გაეცნო. სტუმრები, ასევე, დაინტერესდნენ სასჯელის მოხდის ადგილებში იუსტიციის სახლების მუშაობის სპეციფიკით და პატიმართა დასაქმების პროექტებით.
სომხეთის დელეგაცია საქართველოში მე-6 ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში იმყოფება.
კომენტარები
