პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის პროკურატურაში გიორგი ჭოლაძე გამოიკითხა.
გიორგი ჭოლაძე გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი იყო.
გიორგი ჭოლაძის თქმით, საგამოძიებო უწყებას ყველა დეტალთან დაკავშირებით მიაწოდა მის ხელთ არსებული ინფორმაცია.
„20 ივნისთან დაკავშირებით ვიყავი გამოკითხვაზე. ჩორჩანის ეპიზოდზე ჩემს შემთხვევაში არ ყოფილა კითხვები დასმული. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დასკვნის საფუძველზე მიმდინარეობს დამატებით გამოძიება და ამასთან დაკავშირებით იყო კითხვები. რაც ვიცოდი, ყველაფერი ვუთხარი. სამართლებრივი პრობლემის დანახვა ჩემი შეფასების ნაწილი არ არის. ეს არის ის უწყება, რომელიც ამ ნაწილს შეაფასებს და შესაბამის დასკვნებს გამოიტანს.
რაც შეეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, გახარია თვითონ ამბობდა, რომ მე ავიღე პოლიტიკური პასუხისმგებლობაო. არ ვიცი, რა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობდა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველა დეტალი, რაც ვიცოდი, მივაწოდე საგამოძიებო უწყებას“, – განაცხადა გიორგი ჭოლაძემ.
ჭოლაძის განმარტებით, ოთახში, სადაც გიორგი გახარია გადაწყვეტილებებს იღებდა, იყვნენ სამოქალაქო პირები და გერმანიის ელჩიც.
„მთელი პროცესის განმავლობაში იქ ვიყავი, ვიყავი იმ ყველაფრის შემსწრე, რაც ხდებოდა. პარლამენტის შენობაში, ზვიად ძიძიგურის ოთახში იყო შეკრებილი ის ხალხი, ვინც მე საგამოძიებო კომისიაზე ჩამოვთვალე, შესაბამისად, გახარია იქ იღებდა გადაწყვეტილებას და იძლეოდა ბრძანებებს. იყვნენ ხალხის მიერ არჩეული დეპუტატები, სამოქალაქო პირები, რომლებიც იქ არ უნდა ყოფილიყვნენ. ერთი ოთახი იყო იქ მხოლოდ, სადაც იჯდა გერმანიის ელჩიც. ზოგი ფეხზე იდგა, ზოგი იჯდა. იყო მოსასვენებელი ოთახი, საიდანაც მაშინდელი შსს მინისტრი გასცემდა ბრძანებებს. მე შევდიოდი იმ ოთახში და გამოვდიოდი პერიოდულად. გახარიამ მე პირადად მითხრა, რომ ელჩი ამოიყვანესო, სეირნობდა რუსთაველზეო, წარმოუდგენელი ამბავია იმ დროს სეირნობა. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, კადრებიდანაც ვხედავთ, რომ ის მანქანით მოვიდა, გაჩერდა და შევიდა პარლამენტში. ეს ადამიანი იყო იქ და აკვირდებოდა სიტუაციას. პერიოდულად ის ესაუბრებოდა გიორგი გახარიას, მეც ვესაუბრე მას რამდენჯერმე. ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში თითქმის ყველა ელჩთან მქონდა შეხვედრა, ზოგადად, მანამდე ვიცნობდი ყველას და, შესაბამისად, ამ ბატონსაც ვიცნობდი. მისი იქ ყოფნა იყო კატეგორიულად მიუღებელი. კიდევ გავიმეორებ ვენის კონვენციას, მიმღები სახელმწიფო ვალდებულია, ელჩის უსაფრთხოება უზრუნველყოს და შსს მინისტრი იყო უშუალოდ ამის სათავეში“, – განაცხადა გიორგი ჭოლაძემ.
გიორგი ჭოლაძეს ჟურნალისტმა ჰკითხა, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 20 ივნისის მოვლენების დროს უზიარებდა თუ არა გადაწყვეტილებებს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს.
„თქვენ თუ გულისხმობთ ოპერატიულ ნაწილს, ის არავის უზიარებდა, თვითონ იღებდა ამ გადაწყვეტილებებს. რაც შეეხება მესიჯს, გემახსოვრებათ, რა განცხადებაც მაშინ პრემიერმა გააკეთა, ამ მესიჯის ფორმირება როგორც მოხდა. მე პირადად ვიდექი იქ. ნორმალური პროცესია, როდესაც მინისტრი პრემიერს ეუბნება კონკრეტულ შინაარსთან დაკავშირებით, რა უნდა ისაუბროს, ის არის ამაზე პასუხისმგებელი. მან უკეთ იცის. არ შეიძლება, პრემიერმა უკეთ იცოდეს კონკრეტული ღონისძიების მიმდინარეობა. შესაბამისად, მან უთხრა, ჩვენ არ ვაპირებთო. იყო დაძაბულობა, შეხლა-შემოხლა, შეტაკებების მსგავსი რაღაც, მაგრამ არ იყო საჭიროება, ასეთი ღონისძიება ჩატარებულიყო. შესაბამისად, პრემიერმა პრესასთან განაცხადა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ამის გაკეთებას. რამდენიმე წუთში დაიწყო დემონსტრანტების დარბევა“, – განაცხადა გიორგი ჭოლაძემ.
საქართველოს პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ ორ საქმეზე დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა.
გიორგი გახარიას წინააღმდეგ არსებული ერთი საქმე უკავშირდება 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებს. პროკურატურის ცნობით, მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ინსტრუქციისა და კანონმდებლობის უგულებელყოფით დაავალა სპეციალურ საშუალებათა ერთობლივად გამოყენება, ყოველგვარი გაფრთხილებისა და აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისთვის ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობის მიცემის გარეშე, რითიც ორგანიზება გაუწია მოქალაქეთათვის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას. პროკურატურის განმარტებით, სპეციალური საშუალებების, მათ შორის რეზინის ტყვიების ერთობლივად გამოყენებით ათეულობით მოქალაქემ მიიღო სხვადასხვა ხარისხის დაზიანება.
გახარიას წინააღმდეგ არსებული მეორე საქმე ჩორჩანის ეპიზოდს უკავშირდება. გახარიას ორივე საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.
