აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო კითხვა ჯამალ ჰაშაღის 2018 წლის მკვლელობაზე და განაცხადა, რომ საუდელი ჟურნალისტი ძალიან სადავო ფიგურა იყო და რომ საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცთან, მოჰამედ ბინ სალმანთან შეხვედრისას ამ თემის წამოწევა მიზნად ისახავდა მისი სტუმრის უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებას. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
„თქვენ ახსენებთ ვინმეს, ვინც უკიდურესად სადავო ფიგურა იყო. ბევრ ადამიანს არ მოსწონდა ის ბატონი, რომელზეც თქვენ საუბრობთ. მოსწონდათ თუ არ მოსწონდათ ის, რაღაცები ხდება, მაგრამ მან [მოჰამედ ბინ სალმანმა] ამის შესახებ არაფერი იცოდა, და ამით შეგვიძლია დავასრულოთ“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტს ოვალურ კაბინეტში.
ჯამალ ჰაშაღი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში 2018 წლის ოქტომბერში მოკლეს. ის საუდის არაბეთის მთავრობას მწვავედ აკრიტიკებდა. მოკლული ჟურნალისტის დანაწევრებული სხეული ამ დრომდე არ არის ნაპოვნი.
8 თებერვალს გაერომ თავისი ექსპერტების დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ჰაშაღის მკვლელობა საუდის არაბეთის მაღალჩინოსნებმა დაგეგმეს და შეასრულეს. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს გამოძიების დასკვნის შედეგებს უარყოფს.
2019 წლის დეკემბერში საუდის არაბეთში ჰაშაღის მკვლელობაში 5 ბრალდებულს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, თუმცა 2020 წლის სექტემბერში განაჩენი თავისუფლების 20 წლით აღკვეთით შეცვალეს, მას შემდეგ რაც ჰაშაღის ოჯახმა განაცხადა, რომ მკვლელებს აპატია.
