გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო „ქრონიკასთან“ ეხმიანება. ევროპარლამენტარი ამბობს, რომ ბრიუსელი არასამთავრობო ორგანიზაციებს იყენებს პოლიტიკისთვის, რაც უნდა შეწყდეს.
ლასლო აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა, რომელსაც ევროპარლამენტართა ჯგუფები ითხოვენ.
„ევროკომისიას სურს წარმოაჩინოს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით ქვეყანაში მოსახლეობის ინტერესებს იცავს, ფაქტი კი ისაა, რომ რეალურად იმ პოლიტიკური პარტიის წევრები არიან ხალხის ინტერესების წარმომადგენლები, რომლებიც მოქალაქეებმა არჩევნების გზით აირჩეს. არასამთავრობოები, კანონის უზენაესობა, ლგბტ, მიგრაცია თუ სხვა საკითხები, ყოველთვის გამოიყენება იმ პოლიტიკის გადასაფარად, რომლის გატარება სურთ ევროკავშირის წევრ თუ კანდიდატ სახელმწიფოებში.
ევროპარლამენტში პატრიოტების ჯგუფმა არაერთხელ მოითხოვა ევროკომისიიდან გასული ფინანსების, ფონდების გამჭვირვალობა. ნაწილობრივ ამ მცდელობას შედეგები ჰქონდა, რადგან გამოქვეყნდა რა თანხას იღებენ არასამთავრობოები ბოლო 5 წლის განმავლობაში. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს, გამჭვირვალობის პრაქტიკა უნდა დაინერგოს. რეგულარულად უნდა გვქონდეს განახლებადი ინფორმაცია, თუ რაზე, როგორ და სად იხარჯება ევროპელი გადასახადების გადამხდელების ფული და აქ განსაკუთრებული აქცენტები კეთდება „ენჯეოებზე“.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რამდენი კორუფციული სკანდალი გვქონდა ევროპარლამენტში, ბრიუსელში და ეს ხდებოდა არასამთავრობოების ჩართულობით. ვითხოვთ სრულ გამჭვირვალობას და აუცილებელია, ხალხის მიერ დემოკრატიული წესით გაკეთებულ არჩევანს პატივი ვცეთ“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებით, საქართველოს მთავრობა დიდი ყურადღებით აკვირდება, თუ ვის აძლევს ევროკავშირი ფულს.
მისი თქმით, დღეს ევროკავშირი ეძებს გზებს, თუ როგორ გადაურიცხოს ფული სამოქალაქო საზოგადოებას ისე, რომ ის არ დააზიანოს.
