უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომში“ ბიზნესმენ ტიმურ მინდიჩის მიერ მოწყობილი კორუფციული სქემის საქმის მასალებში ფიგურირებს. ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.
გონჩარენკო საქმის მასალების ნაწილსაც ასაჯაროებს.
„ტიმურ მიხეილის ძე მინდიჩმა ისარგებლა სიტუაციით, რომელიც უკრაინაში საომარი მდგომარეობის დროს შეიქმნა, უკრაინის პრეზიდენტთან ზელენსკისთან მეგობრული ურთიერთობებით, მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირებთან კავშირებით და უკრაინის ეკონომიკის სხვადასხვა დარგში დანაშაულის ჩადენის ორგანიზების გზით უკანონო გამდიდრება გადაწყვიტა“, – წერია მინდიჩის საბრალდებო დასკვნაში, რომელსაც ხელს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს პროკურორი აწერს.
გარდა ამისა, როგორც გონჩარენკოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში წერია, მინდიჩი უკრაინის იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრს რუსტემ უმეროვს არწმუნებდა, რომ მას უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 217,5 მილიარდი გრივნის ღირებულების 10 ათასი ჯავშანჟილეტი შემოწმების გარეშე შეესყიდა. ბიზნესმენი ამას იმით ხსნიდა, რომ აღნიშნულ საქმეში ჩადებული ფულის ნახევარი მას ეკუთვნის.
