საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ, მოადგილე ბექა ძამაშვილთან ერთად, საფრანგეთის ელჩ ოლივიე კურტოსთან ორ ქვეყანას შორის იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა. ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრმა ელჩს იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის სფეროები და პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო. საუბარი შეეხო საჯარო სერვისების, ციფრული მმართველობის, პენიტენციური და პრობაციის სისტემების განვითარებას.
„იუსტიციის მინისტრმა არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის მომავალში კიდევ მეტად გაღრმავების მზაობა გამოთქვა და ელჩი გაერო-ს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმზე მოიწვია. ფორუმს თბილისი 2026 წლის ივნისში უმასპინძლებს“, – ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ოლივიე კურტო საქართველოში საფრანგეთის ელჩის თანამდებობას 2025 წლის სექტემბრიდან იკავებს.
