ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი ბოსნია-ჰერცეგოვინაში მიმდინარე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესში მონაწილე ქვეყნების ევროინტეგრაციის/ევროპულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტების კონფერენციაზე (COSAP) სიტყვით გამოვიდა.
დეპუტატმა საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრა.
„ვფიქრობ, საქართველოსთან დიალოგი უნდა დაიწყოს ევროკავშირმა, რადგან ეს მათ შეწყვიტეს და არა ჩვენ. დიალოგი საჭიროა, რათა გავცვალოთ მოსაზრებები ინტეგრაციის პროცესზე, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.
მისი განმარტებით, ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოს არ შეუჩერებია და ქვეყანა კვლავ განაგრძობს რეფორმების განხორციელებას, რათა შეძლოს ევროპის ერთიან ბაზარზე ინტეგრაცია.
„ევროკავშირის კომისიამ გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც აფასებს ქვეყნების პროგრესს ევროპული ინტეგრაციის კუთხით და ეს ანგარიში, რბილად რომ ვთქვათ, საქართველოს მიმართ არ იყო სიმართლეზე დაფუძნებული და არ ასახავდა ქვეყანაში არსებულ რეალობას“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
მისი განმარტებით, საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მტკიცედ ერთგული რჩება.
„ჩვენ ასოცირების შეთანხმების, დაახლოებით, 70%-ზე მეტი შევასრულეთ. აღსანიშნავია, რომ ასოცირების შეთანხმება არა მხოლოდ ჩვენი ვალდებულებაა, არამედ, ეს არის ევროკავშირის მხარის ვალდებულებაც. მანაც უნდა შეასრულოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებები. ამ მხრივ, ევროკავშირი ფაქტობრივად არ ასრულებს თავის ვალდებულებებს – ვგულისხმობ დიალოგის პროცესს, რომელიც ევროკავშირის კომისიის მხრიდან შეჩერდა“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
მისი თქმით, ევროკომისიის მხრიდან გაკეთდა განაცხადები, რომ თითქოს საქართველომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.
„ეს პროცესი არ არის შეჩერებული. ჩვენ ყოველდღიურად ვახორციელებთ რეფორმებს, რომლებიც მიზნად ისახავს ევროპის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციას, ჩვენი საკანონმდებლო სისტემის ჰარმონიზაციას და ევროპულთან სრულ შესაბამისობაში მოყვანას. ამ სამუშაოს ყოველდღიურად ასრულებენ ჩვენი საჯარო მოხელეები, ჩვენი სხვადასხვა ორგანოები. ჩვენი საშინაო დღის წესრიგი ისეა განსაზღვრული და ჩამოყალიბებული, რომ პირდაპირ ეთანხმება და პასუხობს ევროინტეგრაციის პროცესს. 2024 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ერთადერთი, რაც მოხდა, ის იყო, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ევრობიუროკრატებს ვერ გამოეყენებინათ როგორც ინსტრუმენტი ქართული საზოგადოებისა და საქართველოს მთავრობის მიმართ პოლიტიკური ზეწოლის განსახორციელებლად და განვაცხადეთ, რომ ევროკავშირს წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას 2028 წლამდე არ მოვითხოვდით. ჩვენ ვთქვით, რომ მოლაპარაკებების დასაწყებად მზად მხოლოდ 2028 წელს ვიქნებით, რადგან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულების სრული სპექტრი ამ დროისთვის შესრულდება. მანამდე, თავად ევროკავშირმა განაცხადა, რომ გაფართოებისთვის მზად არ იქნებოდა 2030 წლამდე. ამიტომ, ძალიან ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ, საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკებების პროცესი მხოლოდ 2028 წელს დაგვეწყო, როდესაც ასოცირების შეთანხმებას სრულად შევასრულებდით და როდესაც თავად ევროკავშირი იქნება მზად წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად და გაფართოებისთვის, რათა კიდევ ერთი ქვეყანა ჩაერთოს ევროპის ერთიან ბაზარზე“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
მისი თქმით, თავად ევროკავშირმა და ევროკომისიამ ქართულ მხარესთან შეწყვიტეს დიალოგი რაც, მისი შეფასებით, არ არის დემოკრატიული ნაბიჯი, რადგან დემოკრატია დაფუძნებულია დიალოგზე, გაზიარებაზე და კამათზე.
„ევროკავშირის მხრიდან დიალოგის პროცესის შეჩერება, ვფიქრობ, ევროკავშირის მხრიდან დიდი სტრატეგიული შეცდომა იყო, რადგან საქართველოში სტაბილურობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია ევროპის სტაბილურობისა და უსაფრთხოების არქიტექტურის აშენება და გაძლიერება. საქართველო მთელი ამ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ მხრივ, ვფიქრობ, ევროკავშირმა უნდა დაიწყოს დიალოგი საქართველოსთან, რადგან ეს მათ შეწყვიტეს და არა ჩვენ. დიალოგი საჭიროა, რათა გავცვალოთ მოსაზრებები ინტეგრაციის პროცესზე, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
