პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, რკინიგზაზე მომხდარი დივერსიის საპასუხოდ ქვეყანაში მოქმედი რუსეთის უკანასკნელი საკონსულო დაიხურება.
მისი თქმით, ქალაქ გდანსკში მდებარე რუსეთის საკონსულოს მუშაობის ნებართვა უახლოეს დღეებში გაუქმდება. მინისტრმა პოლონეთის რკინიგზაზე მომხდარ ინციდენტს ტერორიზმი უწოდა და თქვა, რომ ოფიციალური ვარშავა მხოლოდ დიპლომატიური პასუხით არ შემოიფარგლება.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ვარშავა-ლუბლინის სარკინიგზო მონაკვეთზე დივერსია მოხდა, რის გამოც მატარებლების მიმოსვლა შეჩერდა. მოგვიანებით პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ დივერსიაში უკრაინის ორი მოქალაქეა ეჭვმიტანილი. მისი თქმით, უკრაინელებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ რუსეთის სპეცსამსახურებთან, ისინი პოლონეთში ბელარუსიდან შემოვიდნენ და დივერსიული აქტის ჩადენის შემდეგ ქვეყანა დატოვეს.
