აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 21 ნოემბერს, თეთრ სახლში ნიუ იორკის ახალ მერს, ზოჰრან მამდანის შეხვდება. ამის შესახებ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს.
„„ნიუ იორკის კომუნისტმა მერმა, ზოჰრან „კვამე“ მამდანიმ, შეხვედრა მოითხოვა. შევთანხმდით, რომ ეს შეხვედრა გაიმართება ოვალურ კაბინეტში 21 ნოემბერს, პარასკევს. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“,- წერს შეერთებული შტატების პრეზიდენტი.
ცნობისთვის, 4 ნოემბერს ჩატარებულ ნიუ იორკის მერის არჩევნებში დემოკრატმა ზოჰრან მამდანიმ გაიმარჯვა. ის პირველი მუსლიმი და წარმოშობით უგანდელი მერია, რომელიც მეგაპოლისს ჩაუდგება სათავეში. მისი მთავარი მეტოქე იყო ნიუ იორკის ყოფილი გუბერნატორი ენდრიუ კუომო, რომელიც დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა კენჭს და რომელსაც დონალდ ტრამპი უჭერდა მხარს. ზოჰრან მამდანი ნიუ იორკის მერის თანამდებობას პირველ იანვარს დაიკავებს. მიმდინარე კვირის დასაწყისში ზოჰრან მამდანიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისმა გუნდმა მიმართა თეთრ სახლს შეხვედრის ორგანიზებისთვის.
