გამოცემა The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, აშშ-ის მიერ შედგენილი 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის მიხედვით, უკრაინას მინიმუმ რამდენიმე წლით ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმა მოუწევს.
გარდა ამისა, როგორც გამოცემა აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, ამერიკული მხარე მოუწოდებს უკრაინას რუსეთთან სამშვიდობო გეგმის ფარგლებში მოსკოვს მთელი დონბასი გადასცეს, მათ შორის ის ტერიტორია, რომელსაც ამჟამად კიევი აკონტროლებს.
„უკრაინას მინიმუმ რამდენიმე წლით ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმა მოუწევს. კიევს უფლება არ მიეცემა ქვეყნის ტერიტორიაზე საერთაშორისო სამშვიდობო ძალები განალაგოს. კიევი და ევროპული ქვეყნები მიიჩნევენ, რომ ასეთი ძალები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ რუსეთის მომავალი შეტევა შეაკავონ“, – წერს გამოცემა.
საპასუხოდ, მოსკოვი პირობას დებს, რომ არც უკრაინას, არც რომელიმე სხვა ევროპულ ქვეყანას თავს არ დაესხმება. რუსეთი მზადაა აღნიშნულ პირობას დოკუმენტის სახე მისცეს და ხელი მოაწეროს, – იუწყება The Wall Street Journal-ი.
როგორც The Wall Street Journal-ი იუწყება, ტრამპის გეგმის ელემენტები ემთხვევა იმას, რასაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სპეცწარმომადგენელ სტივ უიტკოფთან აგვისტოში, ხოლო მოგვიანებით ალასკაზე გამართული სამიტის დროს განიხილავდა.
