გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ექვსმა ქართულმა კომპანიამ ჩიკაგოში, აგროსასურსათო საერთაშორისო გამოფენაში, U.S. Private Label Trade Show-ში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს პავილიონში წარმოდგენილი იყო კომპანიების: „აჩინებულის“, „არომაპროდუქტის“, „გრინგოლდის“, „ჰობის“, „რკ ლავრ-ჯორჯიისა“ და „კულას“ წარმოების ორგანული წვენები, ჩაი, თაფლი, ჩირი, დაფნა, ხილისა და ბოსტნეულის საკონსერვო ნაწარმი.
გამოფენაში ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები იღებდნენ მონაწილეობას.
გამოფენის გახსნას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ავალიანი, დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ნიკა ურუშაძე და აშშ-ში საქართველოს საელჩოს მრჩეველი დავით ჩარკვიანი ესწრებოდნენ.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის განვითარების სააგენტო წელს უკვე მეცხრე საერთაშორისო გამოფენაში იღებს მონაწილეობას, მათ შორისაა, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ჩიკაგოში გამართული საერთაშორისო გამოფენა U.S. Private Label Trade Show 2026. ქართული პროდუქციის მიმართ ინტერესი ძალიან მაღალია. საქართველო აღნიშნულ გამოფენაში, უკვე მეოთხე წელია, მონაწილეობს. წინა წლებში საინტერესო შედეგები გვქონდა. ვფიქრობთ, ქართული კომპანიებისთვის წლევანდელი გამოფენაც წარმატებულ იქნება“, – აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი ავალიანმა.
მსგავსი მასშტაბის გამოფენებში მონაწილეობის ფარგლებში მწარმოებლებს საშუალება ეძლევათ, დაამყარონ ახალი კონტაქტები და გაზარდონ საექსპორტო შესაძლებლობები.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საერთაშორისო გამოფენებზე დამყარებული საქმიანი კავშირების შედეგად კომპანიებმა 10 მლნ ლარზე მეტი ღირებულების პროდუქციის ექსპორტი განახორციელეს. სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გამოფენების ორგანიზება დაახლოებით 2 მლნ ლარით დაფინანსდა.
