თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ გლდანის რაიონში, რეკრეაციულ ზონაში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე, უკანონო მშენებლობების პროცესი და 10 ჰექტარზე მეტი ტერიტორიის მიტაცების მცდელობა საწყის ეტაპზე გამოავლინა.
აღნიშნული ტერიტორია მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, არ არის განაშენიანებული და ატარებს რეკრეაციული ზონის სტატუსს.
სამსახურის წარმომადგენლებმა სამართალდამრღვევების გაფრთხილების მიზნით, ადგილზე შესაბამისი მითითებები გააკრეს. მწარმოებელ პირებს გონივრული ვადა, 10 კალენდარული დღე განესაზღვრათ, რათა თავადვე მოახდინონ ნაგებობების დემონტაჟი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მუნიციპალური ინსპექცია იმოქმედებს უფლებამოსილების ფარგლებში.
ადგილზე იმყოფებოდა მუნიციპალური ინსპექციის უფროსი გოგი ჩიქოვანი.
“ჩვენ ინტენსიურად ვატარებთ როგორც მონიტორინგს, ასევე ქმედით ღონისძიებებს სახელმწიფო მიწების მიტაცების აღსაკვეთად. პირველ ეტაპზე უკანონო მშენებლობის მწარმოებელი პირების გაფრთხილება ხდება, ვაძლევთ ვადას რომ თავადვე უზრუნველყონ დემონტაჟი. მსგავსი ტიპის სამართალდარღვევების პრევენციისთვს გვსურს რომ საზოგადოებისთვის კიდევ უფრო მეტად, სრულიად გამჭვირვალე იყოს ჩვენი ღონისძიებები და გაჩვენოთ ადგილზე რა სიტუაციაა, რა ტერიტორიების მიტაცება ხდება და რა ეტაპზეა მიმდინარე უკანონო მშენებლობები. აქ არც ადამიანები ცხოვრობენ და არც დასრულებული შენობებია;
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ოპერატიულად, პროცესის დასაწყისშივე მოახდინა კანონდარღვევის გამოვლენა და შემდგომი ქმედებებიც ღიად, კანონის ფარგლებში განხორციელდება.“, – განაცხადა თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა გოგი ჩიქოვანმა.
მისივე განმარტებით, სახელმწიფო მიწების მითვისება და უკანონო განაშენიანების მოწყობა ხშირ შემთხვევაში ორგანიზებული ჯგუფების მიერ ხდება, რაც დაუშვებელია.
„დაუშვებელია, კონკრეტული კერძო პირების და ხშირ შემთხვევაში ორგანიზებული ჯგუფების მიერ სახელმწიფო მიწების მითვისება და თბილისის რეკრეაციული სივრცეებში უკანონო განაშენიანების მოწყობა. სამსახური მომავალშიც კანონის შესაბამისად, ოპერატიულად და ქმედითად იმოქმედებს კანონდარღვევის გამოსავლენად და აღსაკვეთად.“ – განაცხადა თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა, გოგი ჩიქოვანმა.
