დიასპორის მონაწილეობას არჩევნების შედეგებზე რაიმე გავლენა არ ჰქონია, შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება თავიდან ბოლომდე დაცლილია სუბიექტური ინტერესებისგან , – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში.
პრემიერის თქმით, არ შეიძლება არჩევნები ტარდებოდეს იქ, სადაც ვრცელდება უცხო ქვეყნის იურისდიქცია, ასევე როდესაც ადამიანი ცხოვრობს საზღვარგარეთ, ის მოკლებულია შესაძლებლობას, რომ მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება და გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი.
„დიასპორის მონაწილეობას არჩევნების შედეგებზე რაიმე გავლენა არ ჰქონია. ზუსტად დავთვალეთ, რას გამოიწვევდა დიასპორის არმონაწილეობა და ერთ მანდატს განსაზღვრავდა მხოლოდ მათი არმონაწილეობა. შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება თავიდან ბოლომდე დაცლილია სუბიექტური ინტერესებისაგან. ჩვენ ყველგან ვცდილობთ, რომ განვამტკიცოთ სახელმწიფოს სუვერენიტეტი, ქვეყნის დამოუკიდებლობა და დავიცვათ გარე საფრთხეებისგან. როცა საქმე ეხება ამ რეგულაციას, გვაქვს ორი არგუმენტი – ერთი არის ის, რომ არ შეიძლება არჩევნები ტარდებოდეს იქ, სადაც ვრცელდება უცხო ქვეყნის იურისდიქცია, იმიტომ, რომ ასეთ პირობებში ნებისმიერი ადამიანი, დიასპორის წარმომადგენელი ამა თუ იმ ფორმით ექცევა უცხოური იურისდიქციის გავლენის ქვეშ. მეორე არგუმენტი უკავშირდება ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას. როდესაც ადამიანი ცხოვრობს საზღვარგარეთ, მას არ აქვს წვდომა ინფორმაციის მთავარ წყაროზე. ერთადერთი გაუფილტრავი ინფორმაციის წყარო არის ის გარემო, სადაც შენ ცხოვრობ. გადიხარ ქუჩაში და შენი თვალით ხედავ, რა ხდება ქვეყანაში და ამის საფუძველზე აკეთებ საბოლოო არჩევანს. თუ ადამიანს არ აქვს წვდომა გაუფილტრავ ინფორმაციის წყაროზე, ის მოკლებულია შესაძლებლობას, რომ მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება და გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი“, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ადამიანებს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და ყველაზე მეტად აისახება საარჩევნო გადაწყვეტილება, ქვეყნის გარეთ მცხოვრებმა ადამიანების ჯგუფმა უნდა გადაუწყვიტოს საკუთარი ბედი.
„რომ გადავხედოთ შედეგებს, მხოლოდ „ნაცმოძრაობამ“ და „ახალმა“ მიიღეს 53% საზღვარგარეთ. წარმოიდგინეთ, ამ ადამიანებს რომ გადაეწყვიტათ საქართველოში მცხოვრები ადამიანების ბედი. საქართველოსი მცხოვრები ადამიანების 54%-ს არ უნდა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, იმიტომ, რომ ახსოვს, რა უბედურებასთან იყო დაკავშირებული მათი მმართველობა. დღესაც თავისი თვალით უყურებს, რა ხდება ქვეყანაში და რას აკეთებენ ეს ადამიანები. აქვთ წვდომა გაუფილტრავ ინფორმაციაზე. ამ ადამიანებს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და ყველაზე მეტად აისახება საარჩევნო გადაწყვეტილება, ქვეყნის გარეთ მცხოვრებმა ადამიანების ჯგუფმა უნდა გადაუწყვიტოს საკუთარი ბედი. ეს არასწორია, ამიტომ, ჩვენ ვამბობთ, რომ საარჩევნო ხმის უფლება რჩება ყველას, უბრალოდ ვამბობთ ერთ რამეს – როცა ადამიანი ცხოვრობს საზღვარგარეთ, ერთი დღით მაინც ჩამოვიდეს თავის ქვეყანაში, საკუთარი თვალით ნახოს რა ხდება ქვეყანაში და ასე მიიღოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა პრემიერმა.
