“მეგის ქარდავა მოვიდა, გოგუაძე რომელიაო, ვუთხარი, მე ვარ-მეთქი. მოვიდა, გამისწორდა ფიზიკურად და შემაგდო ერთ-ერთ სამარშრუტო ავტობუსში, სადაც გადაწყვეტილი ჰქონდა რომ ჩემთვის ესროლა” – ნიკოლოზ გოგუაძემ ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, “რუსთავი 2-ის” გადაცემაში – “ისტორია დეტალებში” ისაუბრა.
მისივე თქმით, მეგის ქარდავა იმ მომენტში ტელეფონზე ვიღაცისგან უფლებას იღებდა – ესროლა თუ არა მისთვის და როგორც გოგუაძე ამბობს, სავარაუდოდ, ეს ვიღაც იყო ბაჩო ახალაია:
“რაღაც რომ იქნებოდა ვიცოდით, მაგრამ ასეთი სასტიკი დარბევა თუ იქნებოდა არ ვიცოდი. ამას დარბევასაც ვერ დაარქმევ, ხალხის კვლა იყო რეალურად.
ის ვიცოდი, რომ მე და ჩემს მეგობრებს დაგვაკავებდნენ, ამიტომ ავერიდეთ ამ სიტუაციას და წავედით ყინწვისში მონასტერში.
დაახლოებით გამთენიისას სპეცრაზმი ამოვიდა ჩვენთან სამარშრუტო მანქანებით, გადმოცვივდნენ ავტომატებით და დაგვაკავეს. აქ უკვე ცნობილი იყო ჩვენთვის, რომ დემონსტრაცია სასტიკად იყო დაშლილი.
დაკავებამდე 20 წუთით ადრე გვქონდა გადაწყვეტილება მიღებული, რომ თბილისში დავბრუნებულიყავით. ჩვენთან გარეთ გამოსული იყვნენ მამაოები და გვემშვიდობებოდნენ, როდესაც სპეცოპერაცია ჩატარდა. ყველანი ძირს დაგვყარეს ცემა-ცემით, მამაოებიც სცემეს ვინც გამოგვესარჩლა. მაგრამ უმოწყალოდ ჩვენ გვცემეს, ისინი არა. მეგის ქარდავა მოვიდა, გოგუაძე რომელიაო. ვუთხარი, მე ვარ-მეთქი. მოვიდა, გამისწორდა ფიზიკურად და შემაგდო ერთ-ერთ სამარშრუტო ავტობუსში, სადაც გადაწყვეტილი ჰქონდა რომ ჩემთვის ესროლა. უბრალოდ, ტელეფონზე ვიღაცისგან უფლებას იღებდა და სავარაუდოდ, ეს ვიღაც იყო ბაჩო ახალაია. მომიშვირა იარაღი და რა ვქნა დავამთავროო? – ვიღაცას მიმართა ტელეფონში. იმან გაუთიშა, ეტყობა იქიდან უთხრა, გადმოგირეკავო და აქ წყდება შენი ცხოვრების ბედიო, მითხრა. რამდენიმე წუთში ზარი განხორციელდა, მეგის ქარდავა გაბრაზდა, რადგანაც უფლება არ მისცეს გასროლაზე და ასე გადავრჩი ცოცხალი,”- განაცხადა ნიკოლოზ გოგუაძემ.
