22 ნოემბერს ბრაზილიაში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარო დააკავეს მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მისი მხარდამჭერების მხრიდან დაგეგმილი ყრილობა ბოლსონაროს გაქცევის საშიშროებას ქმნიდა.
ყოფილი პრეზიდენტის დაკავების ბრძანება მოსამართლე ალექსანდრე დე მორაესმა გასცა და განმარტა, რომ ბოლსონაროს სახლთან მისი მხარდამჭერების შეკრებამ შესაძლოა, მონიტორინგს ძირი გამოუთხაროს. მან ასევე ხაზი გაუსვა არსებულ მტკიცებულებას, რომ წინა ღამით ბოლსონარო ელექტრონული სამაჯურის დაზიანებას ცდილობდა.
მოსამართლემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ბოლსონარო წარსულში არგენტინის საელჩოში თავშესაფრის მოთხოვნას განიხილავდა. მორაესმა ისიც აღნიშნა, რომ ბოლსონაროს ერთ-ერთი ვაჟი და ყოფილი პრეზიდენტის სხვა ახლო მოკავშირეები ბრაზილიიდან სასამართლოებს გაექცნენ.
ბრაზილიის სასამართლომ ბოლსონარო სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაში დამნაშავედ 11 სექტემბერს ცნო და მას 27 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა, რის შემდეგაც ბოლსონარომ, რომელიც ბრალდებებს უარყოფს, უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ამ დრომდე შინა პატიმრობაში იმყოფებოდა.
