ევროკავშირი უკრაინისა და აშშ-ის „სამშვიდობო გეგმის“ საკითხზე სპეციალურ შეხვედრას 24 ნოემბერს გამართავს. აღნიშნულის თაობაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, აშშ-ის 28 პუნქტიანი გეგმის პროექტი ისეთ დებულებებს შეიცავს, რაც მნიშვნელოვანი იქნება გრძელვადიანი მშვიდობისთვის.
„გვჯერა, რომ პროექტი საფუძველია, რომელსაც დამატებითი მუშაობა დასჭირდება. ჩვენ გვაქვს მკაფიო პოზიცია იმ პრინციპის შესახებ, რომ საზღვრები არ უნდა შეიცვალოს ძალის გამოყენებით. ასევე, შეშფოთებული ვართ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმართ შეთავაზებული შეზღუდვებით, რაც უკრაინას დატოვებს მოწყვლადს მომავალი თავდასხმის წინაშე.
ვიმეორებთ, რომ ევროკავშირსა და ნატო-სთან დაკავშირებული ელემენტების განსახორციელებლად საჭირო იქნება ევროკავშირის და ნატო-ს წევრების თანხმობა.
ვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რათა ხაზგასმით აღვნიშნოთ უკრაინისადმი ჩვენი უწყვეტი მხარდაჭერის სიძლიერე. ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო კოორდინაციას უკრაინასა და შეერთებულ შტატებთან მომდევნო დღეებში“, – წერს კოშტა.
