კიევის ევროპელმა მოკავშირეებმა წამოაყენეს ინიციატივა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობაზე არანაირი შეზღუდვა არ დაწესდეს, რაც აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ერთ-ერთ პუნქტშია გათვალისწინებული, – წერს The Washington Post-ი.
ევროპულ გეგმაში, რომლის ასლიც ჟურნალისტებმა მიიღეს, ასევე გათვალისწინებულია უკრაინისთვის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურსა და კახოვკის კაშხალზე კონტროლის დაბრუნება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ დანარჩენი ტერიტორიული საკითხები ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უნდა მოგვარდეს.
დღეს ჟენევაში უკრაინის, აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების – გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები გაიმართება. მხარეები სამშვიდობო გეგმას განიხილავენ. ევროკავშირი კი უკრაინისა და აშშ-ის „სამშვიდობო გეგმის“ საკითხზე სპეციალურ შეხვედრას 24 ნოემბერს გამართავს.
ახალი სამშვიდობო გეგმის შესახებ ცნობილი 19 ნოემბერს, გამოცემა Axios-ის პუბლიკაციიდან გახდა, მოგვიანებით კი პრესაში მისი დეტალები გაჩნდა. ამ დეტალების თანახმად, შეთავაზებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შეზღუდვა 600 ათასამდე, ნაცვლად ამჟამინდელი 800-850 ათასისა. გეგმა ასევე ითვალისწინებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მეთვალყურეობის ქვეშ გადავა, ხოლო მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია რუსეთსა და უკრაინას შორის თანაბრად გადანაწილდება. გეგმაში ნათქვამი იყო, რომ ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში საზღვარი კონტაქტის ხაზის გასწვრივ გაიყინებოდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის შეთავაზებული ამჟამინდელი სამშვიდობო გეგმა საბოლოო წინადადება არ არის.
