უკრაინის, აშშ-ის და ევროპელი მოკავშირეების დელეგაციებმა ჟენევაში სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყეს.
უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა – ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრეი ერმაკმა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის დელეგაციებთან შეხვედრას „ძალიან კონსტრუქციული“ უწოდა. მათ შემდეგ უკრაინული მხარე ამერიკულ დელეგაციას შეხვდება, რომელსაც სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ხელმძღვანელობს. მასთან ერთად ჟენევაშია ჩასული პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი.
ჟენევაში, სასტუმრო „ინტერკონტიტენტალში“ მოლაპარაკებები მედიის ჩართულობის გარეშე მიმდინარეობს.
ახალი სამშვიდობო გეგმის შესახებ ცნობილი 19 ნოემბერს, გამოცემა Axios-ის პუბლიკაციიდან გახდა, მოგვიანებით კი პრესაში მისი დეტალები გაჩნდა. ამ დეტალების თანახმად, შეთავაზებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შეზღუდვა 600 ათასამდე, ნაცვლად ამჟამინდელი 800-850 ათასისა. გეგმა ასევე ითვალისწინებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მეთვალყურეობის ქვეშ გადავა, ხოლო მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია რუსეთსა და უკრაინას შორის თანაბრად გადანაწილდება. გეგმაში ნათქვამი იყო, რომ ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში საზღვარი კონტაქტის ხაზის გასწვრივ გაიყინებოდა.
