ამ ძალიან დიდი პროექტის მოწინააღმდეგეები არიან ის ოპოზიცია და ის რადიკალური ენჯეოები, რადიკალური აგენტურა, რომლებსაც უნდათ ყველაფერი დააზიანონ რაც ქვეყნისთვის სასიკეთოა, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სოზარ სუბარმა „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ამ ხალხს არ აწყობს საქართველოში ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, რადგან ეს ნიშნავს ეკონომიკის ზრდას, მათი მიზანი კი ქვეყნის გადატრიალებაა.
„განსაკუთრებით საფრთხეს ხედავენ ამ პროექტში, იმიტომ რომ, ფიქრობენ რომ ეს პროექტი გამოიწვევს ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი შექმნას, ბიუჯეტში ზრდას, ეკონომიკის ზრდას, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, რაც მათ გეგმებში ნამდვილად არ შედის, რადგან სახელმწიფოს გადატრიალების ამბოხის თემა, რაზეც ისინი მუდმივად აპელირებენ, უფრო შესაძლებელია მაშინ, თუ ქვეყანაში ეკონომიკა იქნება ჩამოქცეული და მათი მიზანი ეს არის. ცხადია არ აწყობთ ასეთი ინვესტიცია. არის მეორე კატეგორია ადამიანების, რომლებიც გულწრფელად წუხან, რომლებიც მართლა ფიქრობენ, რომ გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს და ამ ადამიანებთან ბუნებრივია, რომ გაცილებით ბევრი განმარტებაა საჭირო. ამ მავნებლური კამპანიის სათავეში არის „ლელო“, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ მსგავსი ხელშეკრულებების გასაჯაროება არ ხდება, იმიტომ რომ თვითონ იყო ერთ-ერთი ასეთი ხელშეკრულების დამდები სახელმწიფოსთან, როდესაც ანაკლიის პროექტი მოიგო“, – აღნიშნა მან.
სუბარმა ასევე ისაუბრა ინიციატივაზე, რომელიც ინვესტორთან დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებას ითვალისწინებს.
„ამ შემთხვევაში, აქ ძალიან მკაფიოდ არის გაწერილი ყველა დეტალი, თუ რა მოგება არის სახელმწიფოს მხარეს, სახელმწიფო ინვესტიციას პრაქტიკულად არ ახორციელებს, მხოლოდ მიწით შედის. ძირითადი პროექტის, ძირითადი თემები, რაც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს საზოგადოებისთვის, ცნობილია, თუმცა იქ არის ორი, სამი ისეთი თემა, რომელიც შეიძლება ინვესტორს ერჩივნოს, რომ იყოს დაფარული. მაგალითად როცა საუბარია, რა პროცენტს მიიღებს რაღაც კონკრეტული მიმართულებიდან, შეიძლება ხვალ მას პრობლემა შეექმნას სხვაგან; მაგალითად ავსტრიაში რომ გადაწყვიტოს ინვესტიცია, იქ შეიძლება უთხრან – საქართველოს თუ ასეთი კარგი პირობები დაუდეთ, ჩვენ უარეს პირობებს რატომ გვთავაზობთ? ჩვენი წინადადება შემდეგია: ინვესტორთან შეთანხმებით გავასაჯაროოთ მთლიანი დოკუმენტი, მათ შორის ის მუხლებიც, რომელიც ინვესტორის აზრით შეიძლება მათი ინტერესები დააზიანოს, უბრალოდ დავშტრიხოთ ის კონკრეტული ერთი ციფრი, სადაც საუბარია მოგებაზე. ეს ციფრი საზოგადოებას არაფერს აძლევს, სამაგიეროდ საზოგადოება ზუსტად გაიგებს, არის რამე საფრთხე, თუ არ არის“, – აღნიშნა სუბარმა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ასევე გამოეხმაურა განცხადებებს იმის შესახებ, რომ ეს პროექტი არაბების მასობრივ ჩამოსახლებას გამოიწვევს. მისი ვარაუდით, უცხოელების რაოდენობა, რომელიც საქართველოში საცხოვრებლად ჩამოვა, რამდენიმე ასეულს არ გასცდება.
„მეორე თემა რასაც საზოგადოებაში წევენ ეს არის, რომ მოხდება არაბების მასობრივი ჩამოსახლება, არაბიზაცია, ან მწვანე საფარის გაჩეხვა. ამ თემასთან დაკავშირებით პრემიერმა ძალიან დეტალურად ისაუბრა, რომ არანაირი მწვანე საფარის გაჩეხვა არ იგეგმება, და პირიქით გაჩნდება ძალიან კარგი რეკრეაციული მწვანე სივრცეები. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ვთქვათ იმ საფრთხეზე, რომელიც ევროპის ქვეყნებშია, რომ ბევრი მიგრანტი ჩამოდის, რამაც ევროპის ეთნიკური ლანდშაფტი შეცვალა, იქ ლაპარაკია არა იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩადიან და ძვირად ღირებულ ბინებს ყიდულობენ, არამედ აბსოლუტურად უპოვარ ადამიანებზე, რომლებსაც არ აქვთ არც სამუშაო, არც პროფესია და იქ იწყებენ ცხოვრებას. ადამიანს, რომელსაც შეუძლია საშუალო, ან მაღალი ღირებულების ფართი იყიდოს თბილისში, ის საცხოვრებლად არ გადმოვა. ის შეიძლება ზაფხულში დასასვენებლად ჩამოვიდეს და ამით დამატებით შეიტანს ფულს საქართველოს ეკონომიკაში. რამდენიმე ათეული ადამიანი თუ ჩამოვიდა, ეს რა თქმა უნდა ლანდშაფტს სერიოზულად არ შეცვლის.
სხვათა შორის ზუსტად იგივე ადამიანები, რომლებიც დღეს ხმამაღლა ყვირიან ამ არაბიზაციის საფრთხის გამო, დაახლოებით 10 წლის წინ, როდესაც სირიაში დაიწყო ომი, მილიონობით ლტოლვილი დაიძრა ჯერ თურქეთში და შემდეგ თურქეთიდან ევროპის გავლით, მიტინგებს აწყობდნენ დევნილთა სამინისტროსთან. ითხოვდნენ, რომ მიგვეღო ლტოლვილები, თუმცა ეს ადამიანები შეფარებული ჰყავდა თურქეთის მთავრობას. ზუსტად იგივე ადამიანები დღეს იგონებენ საფრთხეს, რომელიც არ არსებობს. ეს არის მათი ორმაგი სტანდარტი და აქედან ნათლად ჩანს, მათ ერთადერთი მიზანი აქვთ, რომ დააზიანო საქართველო და დააზიანონ მისი ხელისუფლება. ოღონდ მთავრობას რამე ავნონ და სახელმწიფოს დაზიანება არ აინტერესებთ. 6.6 მილიარდის ინვესტიციას დაკარგავენ კი არა, ქვეყნის არსებობასაც გადაუსვამენ ხაზს, ოღონდ თავად იყვნენ კარგად“, – განაცხადა სუბარმა.
