უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ეს იქნება უდიდესი სტრატეგიული შეცდომა ევროკავშირის მხრიდან, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მხრიდან, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „დღის თემაში“ საუბრისას.
მინისტრის თქმით, ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხი საქართველოში მიზანმიმართულად გამოიყენება და პოლიტიკური შანტაჟის ინსტრუმენტად იქცა.
„მთელი ერთი წელია ზუსტად ამას ვხედავთ და ვიზალიბერალიზაციას ზუსტად ამის ნაწილია. ეს არის მექანიზმი შანტაჟისთვის, ეს არის მექანიზმი რადიკალური დღის წესრიგის შექმნისთვის საქართველოში. სხვა მიზანი ამას არ აქვს“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის საქართველოს მოქალაქეები არ დაისჯებიან, თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირთან დიალოგის არარსებობისა და სპეკულაციების პირობებში, ყველანაირი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მიღებული.
მინისტრმა ასევე მკაცრად შეაფასა ევროკავშირის ბიუროკრატიის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები.
„ძალიან რთულია დღევანდელ ბიუროკრატიულ პირობებში რაიმე გადაწყვეტილების რაციონალურობაზე დავდოთ თავი, როდესაც ვხედავთ ძალიან ბევრ ირაციონალურ გადაწყვეტილებებს, რაც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურიდან მოდის. ამაზე მხოლოდ ჩვენ არ ვსაუბრობთ – ამაზე ძალიან ბევრი საუბრობს. დღეს ძალიან ბევრი იწერება, რომ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის საქმიანობა არ არის საკმარისად კარგი და არ არის მიმართული სწორედ ევროპის ინტერესების დასაცავად“, – ხაზგასმით აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
გადაცემაში საუბრისას, მინისტრმა საქართველოს ხელისუფლების მიერ ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ჰქონოდათ, ხოლო ის ძალები, რომლებიც მონდომებით საუბრობენ უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე, კოორდინირებულად მოქმედებენ.
„უამრავი ნაბიჯი გადაიდგა ამ წლების განმავლობაში, უამრავი რამ გაკეთდა, იქნება ეს რეადმისიის შეთანხმებები, იქნება საპოლიციო თანამშრომლობის გაძლიერება, პოლიციის ატაშეები, საზღვრის კონტროლის შემოღება, როდესაც ჩვენ დავიწყეთ ევროკავშირის მხარესთან ერთად კონტროლის განხორციელება. ბევრი ნაბიჯი გადადგა საქართველომ იმისთვის, რომ დაკმაყოფილებულიყო უვიზო მიმოსვლისთვის საჭირო მოთხოვნები და ჩვენს მოქალაქეებს არანაირი შეფერხება არ ჰქონოდათ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოგზაურობისას.
მე ვიტყოდი ასე: უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ეს იქნება უდიდესი სტრატეგიული შეცდომა ევროკავშირის მხრიდან, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მხრიდან“, – ხაზგასმით აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა
