აშშ-ის მოქალაქეობისა და ემიგრაციის სამსახურში განაცხადეს, რომ ავღანეთის მოქალაქეებთან დაკავშირებული ყველა საიმიგრაციო მოთხოვნის დამუშავება განუსაზღვრელი ვადით შეჩერდა.
„ავღანეთის მოქალაქეებთან დაკავშირებული ყველა საიმიგრაციო მოთხოვნის განხილვა დაუყოვნებლივ შეჩერდა განუსაზღვრელი ვადით, ვიდრე უსაფრთხოებისა და შემოწმების პროტოკოლი არ გადაიხედება. ჩვენი სამშობლოს და ამერიკელი ხალხის დაცვა და უსაფრთხოება ერთადერთი პრიორიტეტი და მისიაა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, თეთრ სახლთან ეროვნული გვარდიის ორი ჯარისკაცი დაჭრეს. პოლიციაში განაცხადეს, რომ ეჭვმიტანილი დაკავებულია. შემთხვევას გამოეხმაურა შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც აღნიშნა, რომ დაკავებული ეჭვმიტანილი უცხოელია, რომელიც აშშ-ში ავღანეთიდან 2021 წლის სექტემბერში შევიდა.
როგორც მედია წერს, დაკავებული შეერთებულ შტატებში „ოპერაცია – მოკავშირეების მიღების“ ფარგლებში ჩავიდა. ეს იყო ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პროგრამა. პროგრამის მიზანი იმ ათასობით ავღანელის მიღება იყო, რომლებიც აშშ-ს ავღანეთში ეხმარებოდნენ და ამერიკული ჯარების გასვლის შემდეგ რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ.
