ფაქტს ვადასტურებ, მაგრამ არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია, შემოლაწუნება მინდოდა ყველასთვის, – განაცხადა კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე.
მისი თქმით, უნდოდა, „ცეცხლი წაეკიდებინა ძალადობისთვის, რომელიც ქვეყანაშია“.
„რაღაც სისულელეს მაბრალებთ. ვინმეს მოკვლა რომ მდომოდა, იმ მანდატურებიდან ცოცხალი არავინ იქნებოდა, კარგად ვფლობ იარაღს. აღტაცებული ვარ იმ მანდატურის გამბედაობით, პატარა ჩია კაცი იყო, მაგრამ ვენაცვალე კაცობაში, თავის საქმე გააკეთა. მოვიგერიე, მოვერიე. ერთადერთი ის მინდოდა, რომ მისგან თავი დამეღწია, ჩამაფრინდა და ვერ მოვიშორე. ყოჩაღ მას. გიკვირთ ამის თქმა ჩემგან, მაგრამ მე ჯერ ადამიანი ვარ, მერე კაცი და მერე ვარ ტერორისტი. უსამართლობისთვის მინდოდა ცეცხლის წაკიდება. ოჯახს ვუთხარი, რომ სათევზაოდ მივდიოდი. ყველაფერი წინასწარ მოვამზადე, გეგმა მქონდა, რომ პროტესტი გამომეხატა. ვერ ვითმენდი, როგორ დაათრევენ კატებივით პატარა ბავშვებს, თუნდაც ეს მანდატურები. ფაქტს ვადასტურებ, მაგრამ არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია. ართუ შენობის დაწვა არ მიცდია, ერთი საათი ვამტვრევდი შუშას. ოპერატიულად რომ მემოქმედა, მივაღწევდი მიზანს. ვიჯექი ღობესთან და ვფიქრობდი, გადავიდე თუ არა, შემდეგ ჩემს თავზე გავბრაზდი, უკან როგორ უნდა დავიხიო-მეთქი.
შემოლაწუნება მინდოდა ყველასთვის, რომ ქვეყანაში დავრჩით კაცები და არ შევეგუებით იმას, რაც ხდება. მე იარაღის ტარების უფლება მქონდა. ისეთი მარშრუტი გავიარე, იქნებ ტურებს შევეჭამე გზაში, იმიტომ წამოვიღე ეს იარაღი. ვინმეზე თავდასხმა რომ მდომოდა, ცოცხალი არ დარჩებოდა არცერთი. იარაღი ჯაჯგურში ამომივარდა. ჩემი პატივისცემა მანდატურებს. თავის საქმე გააკეთა და ის თავის ტერიტორიას იცავდა. ჩემებს მინდა, ბოდიში მოვუხადო. ერთი წელია, გადაგრიეთ. ირაკლი კუპრაძეს მინდა, ვუთხრა, ეს არის ბრაზი და ბოღმა. ბიდიში მას, თუ თვლის, რომ საერთო საქმე დავაზიანე. ეგ განზრახვა არ მქონია. ერთი საათი მეუბნებოდა პოლიციელი, რომ ხაზარაძემ ტონა ფული მოგცაო. ხაზარაძემ, ჯაფარიძემ და კუპრაძემ იციან ძალიან კარგად, რომ მე ერთი თეთრი ფული არ მითხოვია არავისთვის. მიაწექით ბოლომდე, ვინც გარეთ რჩებით, ჩვენ გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
