„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი დარწმუნებულია, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის შესახებ მთავრობის მიერ წარმოდგენილი პროექტი პასუხობს ყველა იმ გამოწვევას, რომელიც განათლების სისტემაში არსებობს. განათლების რეფორმის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში შევა განსახილველად.
ეკა სეფაშვილის თქმით, წარმოდგენილი ინიციატივა მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისათვის. მანვე ჟურნალისტებთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტში განხილვები იქნება პროდუქტიული.
„პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი განათლების რეფორმა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის. აქ ხაზგასმულია ყველა ის გამოწვევა, რომელიც განათლების სისტემაში არსებობს და რა თქმა უნდა, სახელმწიფომ ადეკვატურად უნდა უპასუხოს ამ გამოწვევებს, რათა ჩვენ გვქონდეს განვითარება მომავალში.
მომავალ კვირას ჩვენ ვიხილავთ ამ გამოწვევების დაძლევის საკანონმდებლო ინიციატივებს, რომელშიც კონკრეტულად დეტალებში იქნება გადაწყვეტილი და დანახული ამ პრობლემების გადაჭრის გზები. ვფიქრობ, განხილვების პროცესი იქნება პროდუქტიული და ძალიან მალე ვიხილავთ უკვე კანონად შედგენილ იმ სიახლეებს, რაც ჩვენი ქვეყნის მომავლის – ახალგაზრდების განათლებას და ქვეყნის განვითარებას ნამდვილად მოემსახურება,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
