თბილისის მერმა, კახა კალაძემ უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართული ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა.
როგორც მერმა აღნიშნა, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა, რომლებიც იზიარებენ ქვეყნის თავისუფლებას, დემოკრატიასა და სუვერენიტეტს, აქვთ საერთო ღირებულებები და სურვილი – პირველ რიგში, დაიცვან საკუთარი მოქალაქეების ინტერესები.
„დელეგაციის წევრებთან ერთად, ორი დღის განმავლობაში ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფებოდი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, სადაც არაერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართა. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოსთან გამართული შეხვედრა, სადაც საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და მათი გაღრმავების პერსპექტივებს. მიმოვიხილეთ რეგიონში მიმდინარე მოვლენები და რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული მძიმე ვითარებაც. გარდა ამისა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას, რომელიც თავსმოხვეულია და სერიოზული გამოწვევაა მსოფლიოსთვის. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მხარდაჭერა და თანადგომა, ასევე, გადმოგვცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ქართველი ხალხის მიმართ”, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა უნგრეთის ხელისუფლებას და ქვეყნის პრემიერ-მინიტრს მადლობა გადაუხადა ქართველი ხალხის მიმართ გამოხატული მხარდაჭერის გამო.
„მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და უნგრეთს, მის ხელისუფლებას, პრემიერ-მინიტრს მადლობა გადავუხადო ქართველი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს ურყევი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. გვიხარია, რომ როგორც საქართველო, ისე უნგრეთი, იბრძვის სიმართლისთვის. ეს დღევანდელ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ასევე ევროპული ქალაქების ურბანული განვითარების საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციაშიც.
„ვიზიტის ფარგლებში, მქონდა პატივი, მონაწილეობა მიმეღო ევროპული ქალაქების ურბანული განვითარების საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციაშიც, სადაც ძირითადი ყურადღება ქალაქებში არსებულ გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებს დაეთმო. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასა და გადაადგილების კომფორტულობაზე – ამ მიმართულებით მიღწეულ შედეგებსა და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე. გარდა ამისა, ვისაუბრეთ ავარიულ სახლებთან და ძველი, მწყობრიდან გამოსული ლიფტების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, რა მიდგომა გვაქვს, რა კონკრეტულ პროგრამებს ვახორციელებთ. ასევე, მოვისმინეთ, თუ როგორ უპასუხეს ევროპულ ქალაქებში სხვადასხვა გამოწვევას, რომელიც დღეს ჩვენთანასც აქტუალურია. ასევე, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით, ვიმყოფებოდით ცნობილი უნგრელი ფეხბურთელის იოზეფ ბოჟიკის ძეგლის გახსნის ღონისძიებაზე“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობასაც.
„ჩვენი ქვეყნისთვის იმ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა, რომლებიც იზიარებენ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, დემოკრატიასა და სუვერენიტეტს, გვაქვს საერთო ღირებულებები და სურვილი – პირველ რიგში, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები, ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანია. ამიტომ, მსგავსი ვიზიტები, ურთიერთგამოცდილების გაზიარება და საუკეთესო მაგალითების ჩვენს დედაქალაქში გადმოტანა, მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, თბილისი მომდევნო წლებში ბევრად უფრო მწვანე, კომფორტული და ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი იქნება, რომელიც ევროპის წამყვან ქალაქებს არ ჩამოუვარდება.
