აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
დავით ფაცაციამ საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები. საუბარი შეეხო აფხაზეთის მთავრობის დელეგაციის ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის მოსამზადებელ სამუშაოებს.
„ვალიდ აბუ ჰაიამ ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრების ორგანიზებაში სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა. საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩს მადლობა გადავუხადე თანადგომისათვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა უფრო აქტიურ და მჭიდრო სახეს მიიღებს“, – განაცხადა დავით ფაცაციამ.
შეხვედრაში აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი ეკატერინე წივწივაძე და ქართულ-ებრაული სამეცნიერო-კვლევითი და კულტურული ცენტრ “ფესვების“ დამფუძნებელი და დირექტორი ირინე ბიბილეიშვილი მონაწილეობდნენ.
