ეს ფაქტი არის დასტური იმის, რომ გრანტის გაცემის დროს სავარაუდოდ კორუფციას ჰქონდა ადგილი, – განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ინდოეთში ქართველ ჟურნალისტებს ევროპის კოლეჯის რექტორის, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის დაკავებაზე.
პაპუაშვილის თქმით, ეს არის დასტური იმის, რომ გამჭვირვალობის კანონს ებრძვიან კორუმპირებული ევროპელი ბიუროკრატები.
„ეს ფაქტები ადასტურებს იმ ეჭვებს, რომლებიც ქართულ საზოგადოებაში არსებობდა, რომ გრანტების გაცემის დროს საქმე გვაქვს კორუფციასთან. შეგახსენებთ, რომ ქალბატონი მოგერინის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე ეხება გრანტის გაცემის დროს კორუფციას. ზუსტად ეს ეჭვებია და ამაზე საუბრობს ბევრი „ენჯეო“ საქართველოში, რომლებიც უკვე რამდენიმე ხანია საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოში გრანტების გაცემის დროს საქმე გვაქვს კორუფციასთან და ამ კორუფციაში ჩართული არიან ევროპული სტრუქტურები, დონორები. ეს, როგორც ინფორმაციით, რომელიც არსებობს, ისე არაერთხელ გამხდარა საჯაროდ ცნობილი, როდესაც გაიცემა გრანტი, შემდეგ რომ ვკითხულობთ კონკურსი ჩატარდა თუ რა საფუძვლებით, პროცედურით გაიცა, ამაზე ან პასუხი არ იყო ხოლმე, ან ჩანდა, რომ იყო პირდაპირ ფავორიტიზმით და სხვადასხვა ასეთი სახის გადაწყვეტილებებით გაცემული გრანტები.
ასე, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს და აღვივებს იმ ეჭვს, რომ გამჭვირვალობის კანონის მიმართ პრობლემა იყო არამხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოსთვის მავნე პროექტების დაფინანსებას ხელი არ შეშლოდა, არამედ როგორც ჩანს გამჭვირვალობის კანონის მიმართ ასევე პრობლემა აქვთ იმის გამო, რომ არ გამჟღავნდეს ის კორუფცია, რომელიც გამომჟღავნდება როგორც კი გახდება ცნობილი როგორ ხდება ფულის დარიგება, ვის აძლევენ, ვის მიმართ არის მფარველობა, ფავორიტიზმი, გარიგება. არა გამჭვირვალე და წესებზე, პროცედურებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება, არამედ პირდაპირ საკუთარი პოლიტიკური გემოვნებით და გამორჩენის თუ ეკონომიკური გამორჩენის მიზნით გაცემული გრანტები.
დღეს ბრიუსელიდან და ეს არ არის პირველი შემთხვევა, ჩანს რომ კორუფცია არის ის მავნე პრაქტიკა, რაც იქცა ჩვეულებრივ მოვლენად ბრიუსელში. ამ მხრივ სავალალო მდგომარეობაა, რომ ბრიუსელს, თან ამ დონეზე, კაია კალასის წინამორბედი თანამდებობაა ეს, ამ დონეზე კორუფცია ყვავის ბრიუსელში. კიდევ ბედავენ და საუბრობენ სხვა ქვეყნებზე.
კიდევ ერთხელ, ეს ფაქტი არის დასტური იმის, რომ გრანტის გაცემის დროს სავარაუდოდ კორუფციას ჰქონდა ადგილი. ეს არის დასტური იმის, რომ გამჭვირვალობის კანონს ებრძვიან კორუმპირებული ევროპელი ბიუროკრატები“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
