ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ბრიუსელში მომხდარ კორუფციულ სკანდალს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ეს ფაქტი კარგი მაგალითია საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელსაც დღემდე სჯერა, რომ ქართული კანონი შეიძლება, იყოს რუსული კანონი.
„ეს არის ცინიზმის მწვერვალი, როდესაც ჩვენ გვმოძღვრავდნენ, რომ თითქოს, გამჭვირვალობა ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებას, მაგრამ ერთი მხრივ, კარგია – ახლა გამოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰბაძავენ ევრობიუროკრატები და აღიარებენ იმას, რომ გამჭვირვალობა ნამდვილად ევროპული ღირებულებაა და თურმე, როგორი აუცილებელი ყოფილა კონკრეტული ქვეყნისა თუ სივრცის უსაფრთხოებისთვის.
ძალიან კარგი მაგალითია ასეთი ფაქტი საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელსაც დღემდე სჯერა, რომ ქართული კანონი შეიძლება, იყოს რუსული კანონი“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ფედერიკა მოგერინი და სტეფანო სანინო 2 დეკემბერს დააკავეს. თუმცა, ისინი მეორე დღეს გაათავისუფლეს, რადგან, პროკურორის განმარტებით, მათი მიმალვის რისკი არ არსებობს.
ბრიუგეში მდებარე ევროპის კოლეჯსა და ბრიუსელში მდებარე ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში ჩხრეკა ჩატარდა. კერძოდ, ჩხრეკა ბრიუსელში ევროპის პროკურატურამ ჩაატარა. EPPO-მ ჩხრეკა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული უმცროსი დიპლომატებისთვის ტრენინგებთან დაკავშირებული სავარაუდო თაღლითობის გამოძიების ფარგლებში ჩაატარა.
„ბრალდებები ეხება შესყიდვების დროს თაღლითობასა და კორუფციას, ინტერესთა კონფლიქტსა და პროფესიული საიდუმლოების დარღვევას. ისინი გაათავისუფლეს, ვინაიდან მათი მიმალვის რისკი არ არსებობს“, – ნათქვამია პროკურორის განცხადებაში.
